მოხდება თუ არა 2022 წელს საქართველო–რუსეთის ურთიერთობებში გარღვევა? ექსპერტების მოსაზრება

პოლიტოლოგებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მკვდარი წერტილიდან დაძვრისთვის ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და რუსეთის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების მნიშვნელობა.
Sputnik
ქართველი პოლიტოლოგები ახლო მომავალში საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების შესაძლო გაუმჯობესებასთან დაკავშირებით სკეპტიკურად არიან განწყობილი, თუმცა ამას მაინც არ გამორიცხავენ.
იმისათვის, რომ 2022 წლისთვის ურთიერთობებში რაღაც დონის გარღვევა იყოს, აუცილებელია რუსეთმა პირველი ნაბიჯი გადადგას, მიაჩნია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, პოლიტოლოგ არჩილ სიხარულიძეს.

„სავიზო რეჟიმი უნდა გაუქმდეს და აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. თუ ეს მოხდება, ქართულ პოლიტელიტას შესაძლებლობა ექნება განაცხადოს – რუსეთი დაინტერესებულია ცვლილებებით, ამიტომაც ჩვენ მასთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ“, – განაცხადა სიხარულიძემ „Sputnik-საქართველოსთან".

მაგრამ დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ ორივე მხრიდან არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომელთაც შექმნილი ვითარება აწყობთ, მიაჩნია პოლიტოლოგს.
ამ ეტაპზე ქართულ–რუსულ ურთიერთობებში რაიმე სახის გარღვევაზე საუბარი რთულია, აცხადებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ვასო კაპანაძე. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა საქართველომ უარი განაცხადა ამიერკავკასიის საკითხებზე „3+3“ ფორმატის (აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთი + რუსეთი-ირანი-თურქეთი) შეხვედრაში მონაწილეობაზე.
ჟენევის მოლაპარაკებები – მთავარი საკითხი კვლავ გადაუჭრელია>>>
„როდესაც ჩვენ უარს ვაცხადებთ რუსეთთან ერთად მონაწილეობა მივიღეთ ასეთ ფორმატში, მაშინ რთულია რაიმე სახის გარღვევაზე საუბარი. ჩვენ ვხედავთ, რომ აბაშიძე–კარასინის ფორმატი მუშაობს, მაგრამ იქ პოლიტიკური საკითხები თითქმის არ განიხილება. ჟენევის ფორმატში შეხვედრებს არანაირი შედეგი არ მოაქვს“, – განაცხადა კაპანაძემ.
პოლიტოლოგის თქმით, საქართველოს ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს ახალ ფორმატებში მონაწილეობაზე, სადაც დიალოგი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით გაიმართება.
„თუმცა ჯერჯერობით ეს არ ხდება. მსგავსი ინიციატივა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არ გვესმის. თუ ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები ძველებურად დარჩება“, – განაცხადა კაპანაძემ.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის სერიოზული გამოწვევაა.

„ერთი მხრივ, ისინი ცდილობენ არ გააღიზიანონ დასავლეთი. ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოში პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი ჩამოვიდა, რომელმაც საქართველო გააფრთხილა, რომ არ მიიღოს იმ ფორმატში მონაწილეობა, რომელშიც რუსეთი დასავლეთის გარეშეა ჩართული“, – აღნიშნა კაპანაძემ.

მეორე მხრივ, ყველა ხედავს, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების მოლაპარაკებების დროს საქართველოს საკითხი დღის წესრიგში პრაქტიკულად არ დგას.
პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ ეს საქართველოს პრობლემებთან მიმართებით დასავლეთის მხრიდან ორმაგი მიდგომაა.
რუსეთი წუხს, რომ საქართველომ უარი თქვა „3+3“ ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობაზე
„საქართველოს ხელისუფლება რთული ამოცანის წინაშეა. ოფიციალურად მათ განაცხადეს, რომ არ მიიღებენ „3+3“ ფორმატში მონაწილეობას. თუმცა ჩვენ მოვისმინეთ თურქეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ანკარაში დაგეგმილ შეხვედრაში წარმოდგენილი იქნება. რა თქმა უნდა, ეს საქართველოს უხერხულ სიტუაციაში აყენებს“, – აღნიშნა კაპანაძემ.
საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დარეგულირების პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძეც.

„არ ვფიქრობ, რომ რაიმე სერიოზული ცვლილება იქნება. რუსეთთან ურთიერთობები გაყინულია და, სიმართლე გითხრათ, მე არ ველოდები, რომ უახლოეს მომავალში რაიმე სასიკეთოდ შეიცვლება“, – განაცხადა ძაბირაძემ.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა. ქვეყნებს შორის დიალოგი იმართება ჟენევის მოლაპარაკებებისა და სპეციალური წარმომადგენლების აბაშიძე–კარასინის შეხვედრების ფორმატის სახით, რომელიც 2012 წლიდან პრაღაში იმართება.
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისები 2019 წლის ზაფხულში შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართული ანტირუსული აქციების ფონზე მიიღო.