სწორადაა დათვლილი: GWP-ს ორ ქვითარს ენერგოომბუდსმენიც ეხმიანება

ენერგოომბუდსმენის განმარტებით, GWP-ს მომხმარებლებისთვის სულადობის მიხედვით ქვითარში ერთდროულად ორი თვის ხარჯია დაფიქსირებული.
Sputnik
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი კომუნალურ გადასახადებთან და მრიცხველთა წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდა. ერთიან სისტემაზე გადავიდნენ, როგორც ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელმიკო“, ისე წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (Georgia Water and Power).
ენერგოომბუდსმენის განმარტებით, GWP-ს მომხმარებლებისთვის სულადობის მიხედვით ქვითარში ერთდროულად ორი თვის ხარჯია დაფიქსირებული, რაც არ ნიშნავს, რომ აბონენტებს გაზრდილი გადასახადი მიუვიდათ. მომავალი თვიდან ისინი მხოლოდ ერთ ქვითარს მიიღებენ.

„მოხდა ისე, რომ ნოემბრის და დეკემბრის თანხა კომპანიამ ერთდროულად მოითხოვა, რათა 2021 წელი ჩახუროს, გაასწოროს მთლიანად და შემდგომში... გადავიდეს ახალ სისტემაზე. მომხმარებლებს უნდა ავუხსნათ, რომ მათ ზედმეტი თანხები სულადობის მიხედვით არ გადაუხდიათ, ვინაიდან გაორმაგებული ხარჯი ასახული იყო სწორედ ორი თვის ქვითრიდან გამომდინარე, რომელიც შეადგენს ნოემბრის და დეკემბრის ხარჯს ერთდროულად“, — განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

ვარდიაშვილმა „თელმიკოს“ აბონენტებისთვისაც გააკეთა განცხადება. როგორც ენერგოომბუდსმენმა აღნიშნა, ამ შემთხვევაში სისტემა უფრო რთულად იყო მოწყობილი, ვინაიდან არსებობდა რამდენიმე ციკლიანი აღრიცხვის წესი, შესაბამისად, ეს კომპანიაც უნდა გადავიდეს ერთციკლიან აღრიცხვაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა აბონენტისთვის აღრიცხვა თვის ერთსა და იმავე დღეს იქნება.
რატომ მიიღეს GWP-ს აბონენტებმა მეორე ქვითარი: კომპანიის განმარტება
„თუ ციკლი იყო 20-დან 20 რიცხვამდე, შესაბამისად, მომხმარებელმა პირველი ქვითარი მიიღო 20 დეკემბერს, ხოლო 30 დეკემბერს მან მიიღო დამატებითი ქვითარი, რაც იმას გულისხმობს, რომ 10 დღის ხარჯი კვლავაც აისახა მათი აღრიცხვის ბარათზე. ამის შემდეგ, მომხმარებელი იანვარში მიიღებს დამატებით კიდევ ორ ქვითარს – მათთვის, ვისი ციკლიც გადადიოდა იანვარში, ხოლო თებერვლიდან ეს პრობლემა გასწორდება“, – განმარტა ვარდიაშვილმა.
ენერგოომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ აღრიცხვიანობის სისტემის შეცვლით მომხმარებლებისთვის გადახდის ქვითრებში ზედმეტი თანხები და ზედმეტი ხარჯი არ ასახულა. შესაბამისად, მასობრივად მომხმარებლების ინტერების დარღვევას ამ ეტაპზე ადგილი არ აქვს.