ამბობენ, რომ თავად ქალზე ბევრს ამბობს ის, თუ რა უდევს მას ჩანთაში. ამგვარ აუცილებელ ნივთებს ყველა ინდივიდუალურად არჩევს, ასევე განსხვავებულია მათ მიერ შერჩეული ხელჩანთებიც. დიზაინერმა ნინო გოგოლიძემ კარგად იცის, რომ ქართველი ქალბატონები ძირითადად შავ ფერს ანიჭებენ უპირატესობას, მაგრამ ჯიუტად ცდილობს, რომ მათ თავისი ნაქსოვი, ფერადი ჩანთები შესთავაზოს და ვფიქრობთ, სწორედაც იქცევა...
- ქალბატონო ნინო, რადგან ახალი წლის დღეები ყველაზე მეტად გვაბრუნებს ბავშვობაში, როგორი ბავშვი იყავით, რა გიყვარდათ და ხელსაქმის მიმართ თუ ავლენდით ინტერესს?
- დიახ, ახალი წელი მართლაც ბავშვობაში გვაბრუნებს... მე ცოტა ჯიუტი გოგო ვიყავი. ქსოვამდე კულინარიით ვიყავი დაინტერესებული. სხვათა შორის, ჩემი პირველი კექსი ხუთი წლის ასაკში გამოვაცხვე დამოუკიდებლად. ოღონდ ეს მის გემოზეც აისახა: შემთხვევით შაქრის მაგივრად მარილით შევაზავე... ბავშვობის წლებმა მხიარულად გაირბინა...
- სოციალურ ქსელებში პროფილზე პეპი გრძელი წინდას ფოტო ალბათ შემთხვევით არ გიდევთ?
- მიყვარს ეს ბრძენი, თამამი პერსონაჟი და მისი აზრებიც. წვიმის დროს ყვავილების მორწყვაზე მის აზრს გავიხსენებ: „მე, იქნებ, მთელი ღამე გავათენე იმაზე ოცნებაში, დილით როგორ მოვრწყავდი ყვავილებს და ამ ქეციანი წვიმის გამო ოცნება ვერ უნდა ავისრულო? ვფიცავ, არასდროს გავიზრდები იმაზე დიდი, რომ შემრცხვეს წვიმაში ყვავილების მორწყვა“. პეპის დღემდე ბევრ რამეში ვეთანხმები.
- როდესაც წამოიზარდეთ, ისევ ბავშვების სამყაროს დაუბრუნდით და ამაში სამსახური დაგეხმარათ?
- გამოდის, რომ ბავშვობას არ დავმშვიდობებივარ, რადგან 19 წელი თბილისის 182-ე ბაგა-ბაღში მასწავლებლად ვიმუშავე. ეს იყო ფერადი და ხალისიანი წლები, რომელსაც ჩემი აღსაზრდელები თავისი ანთებული თვალებით და უანგარო სიყვარულით მითბობდნენ. 19 წელი ამ ფერად სამყაროში დავყავი...
- თქვენს გარდერობში რამდენადაა განსხვავებული სამოსი და აქსესუარები?
- საერთოდ, ქალის გარდერობში ყველაზე მთავარი ჩანთა და ფეხსაცმელია. ყოველთვის მომწონდა განსხვავებული ჩანთა და ფეხსაცმელი, მაგრამ მათ შექმნაზე არასოდეს მიფიქრია, ამიტომ ცხოვრების დღეებს სხვისი ნაკეთობებით ვილამაზებდი. ერთ მშვენიერ დღეს კი გადავწყვიტე საკუთარი და სხვისი გარდერობი ჩემი ნახელავი ნივთებით შემევსო...
- ჩანთების ქსოვა როდის დაიწყეთ?
- ჩანთების ქსოვით სამსახურის მერე დავკავდი. ეს ჩემთვის მარტო საქმიანობა და შემოსავლის წყარო არ არის, ერთგვარი თერაპიაა. მართალია, საქართველოში ძირითადად შავი ფერია ტრენდული, მაგრამ ჩვენს ქალბატონებს ჯიუტად ვთავაზობ ხოლმე ფერად ჩანთებს. ჩვენი პროდუქციით ძირითადად ტურისტები და ემიგრანტები ინტერესდებიან.
- 31 დეკემბერს საახალწლო გამოფენა-გაყიდვაში მიიღეთ მონაწილეობა. მაინტერესებს, მამაკაცებმა თუ შეიძინეს თქვენი ჩანთა ქალბატონებისთვის საჩუქრად?
- დიახ, 31-ში დილიდან კაჭრეთის „ამბასადორში“ ვიყავი, ჩემი ჩანთები ძირითადად ქალბატონებმა შეიძინეს. განსაკუთრებით გამიხარდა, როცა ქართველმა მამაკაცმა ჩემი ნაქსოვი ულამაზესი ზურგჩანთა თავისი საყვარელი ქალბატონისთვის შეიძინა.
- როგორ ფიქრობთ, ქალის ჩანთაში რომელი საჭირო ნივთები უნდა იდოს?
- პირველ რიგში სარკე, კოსმეტიკა და... ისეთი დროა, რომ სათადარიგო პირბადეც უნდა ჰქონდეს, პატარა ანტისეპტიკური საშუალებაც არ იქნება ზედმეტი. მისთვის საჭირო დანარჩენ ნივთებს ინდივიდუალურად შეარჩევს...
- ქალბატონებს რას უსურვებთ ახალ წელს?
- ქალბატონებს ვუსურვებ სიყვარულს, სილამაზესა და მადლიერებას ყველაფერ იმის მიმართ, რაც მათ ცხოვრებაშია. კიდევ შევახსენებ დეილ კარნეგის სიტყვებს: „როცა ცხოვრება მჟავე ლიმონს გარგუნებს, მას ტეკილა უნდა დაახვედროთ“...