მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

მაღალმთიან აჭარაში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და სოფლების უმრავლესობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
Sputnik
თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. აჭარის მაღალმთიანეთში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა.
ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს, რის გამოც სოფლების ნაწილთან მისასვლელი გზები ამ დრომდე ჩაკეტილია. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო სოფლების უმრავლესობა შუქის გარეშეა დარჩენილი.
ანალოგიური ვითარებაა შუახევში, ქედაში კი მეწყრული პროცესები განვითარდა.
აჭარის მაღალმთიან რეგიონში შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები იწმინდება.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს გზებზე მოძრაობა შეიზღუდა>>>
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხულოში გზის გაწმენდის პროცესში 14 ერთეული სპეცტექნიკაა ჩართული, შუახევში – 11, ქედაში – შვიდი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 86-106 კმ მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. შესაბამისად, კურორტ გოდერძიზე ასვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილით არის შესაძლებელი.