თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. ასაკობრივ რისკ–ჯუფში შემავალი პირების ვაქცინაციის წახალისების მიზნით 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატის გაცემა მომავალ წელსაც გაგრძელდება, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით მატერიალური წახალისების პროგრამა იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. აქამდე დანამატის მიღება მხოლოდ 31 დეკემბრის ჩათვლით აცრილ პირებს შეეძლოთ.
200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა მოქალაქე, ვინც 2022 წლის 1 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება.
ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს თვეში ორჯერ მიეწოდება, რომელიც ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მოქალაქისთვის თანხის ჩარიცხვას.
ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მათსავე ანგარიშზე მოხდება.
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - booking.moh.gov.ge
მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.
31 დეკემბერის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2.512.858 აცრა; სრულად ვაქცინირებულია 1.148.962 ადამიანი (18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 40.0%). ბუსტერ–დოზა გაკეთებული აქვს 73.162 ადამიანს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 934.741 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 895.315 ადამიანი, გარდაიცვალა 13.800 პაციენტი.