საქართველოში, შესაძლოა, მსოფლიოს უმსხვილესი IT-კომპანიების მონაცემთა ცენტრები განთავსდეს

ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბება საქართველოს პირველ ეტაპზე 1,5 მლრდ დოლარამდე შემოსავალს მოუტანს.
Sputnik
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ყველა პერსპექტივა აქვს იმისათვის, რომ ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა Amazon, Google, Microsoft, Netflix, Meta, ქვეყანაში თავისი მონაცემთა ცენტრები განათავსონ, განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა.
უახლოეს 10 წელიწადში რეგიონის ციფრულ ჰაბად საქართველოს ჩამოყალიბება მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს.

„საქართველოში ციფრული ჰაბის გაკეთების შესაძლებლობა გულისხმობს DATA ცენტრის შექმნას, რომელიც ფაქტობრივად მთელ რეგიონს მოემსახურება. ციფრული ჰაბისთვის საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, გამომდინარე იქიდან, რომ ერთადერთი ქვეყანაა ევროპასთან პირდაპირი ინფრასტრუქტურული კავშირით“, – განუცხადა ბექაურმა ჟურნალისტებს.

ამასთან მან აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბება საქართველოს პირველ ეტაპზე 1,5 მლრდ დოლარამდე შემოსავალს მოუტანს და ევროპასა და აზიას 70 ტერაბიტ/წმ გლობალური ინტერნეტის სიჩქარით დააკავშირებს.
„რეგიონში ინტერნეტ-ტრაფიკის ტრანზიტის 75%-ს, ცხადია, გლობალური ტექნოლოგიური გიგანტები დაიკავებენ, ისეთები, როგორიცაა Amazon, Google, Microsoft, Netflix, Facebook და ა.შ. რეალურად არსებობს პერსპექტივა, რომ ამ კომპანიებმა საკუთარი მონაცემთა ცენტრები თვითონ ააშენონ ან ერთიან მონაცემთა ცენტრში განათავსონ საკუთარი სერვერები“, – განაცხადა კახა ბექაურმა.
საქართველოს მთავრობამ 2020 წელს უახლოესი 5 წლისთვის ფართოზოლიანი ქსელების განვითარების ეროვნული სტრატეგია შეიმუშავა.
მსხვილი IT-კომპანია საქართველოში შვილობილ კომპანიას გახსნის
მსხვილი IT-კომპანია საქართველოში შვილობილ კომპანიას გახსნის >>
სტრატეგიის თანახმად, საქართველოში უნდა იყოს უზრუნველყოფილი არანაკლებ 100 მეგაბიტ/წმ სიჩქარის ინტერნეტი, ხოლო წარმოებებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში – 1 გიგაბიტ/წმ. ამასთან ქვეყანაში გაჩნდება ფართოზოლიანი ქსელი იმ სამიზნე ზონებში, სადაც დღემდე არ არის ინტერნეტი.