თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა.
ცვლილებების ფარგლებში მოსამართლის მიმართ ისეთი სახის დისციპლინური სახდელის შემოღება მოხდა, როგორიცაა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მისი შესაბამის სასწავლებელში გაგზავნა.
ცვლილებების თანახმად, ფართოვდება მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სასჯელის გამოყენების შესაძლებლობები. ისეთ არსებულ სანქციებს, როგორებიცაა შენიშვნა, მკაცრი შენიშვნა, სხვა სასამართლოში გადაყვანა ან საერთოდ თანამდებობიდან გათავისუფლება, ემატება ისეთი სანქცია, როგორიცაა ხუთი წლით თანამდებობრივი დაქვეითება. გარდა ამისა, როგორც მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, ისე მისი თანხმობის გარეშე სხვა სასამართლოში მივლინება, ერთის ნაცვლად, ორ წლამდე ვადით იქნება შესაძლებელი.
დისციპლინურ გადაცდომათა სახეებს დაემატა საჯაროდ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა. მოსამართლეთა დისციპლინას დამოუკიდებელი ინსპექტორი გააკონტროლებს.
გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაიონულ, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა იმ კანდიდატების, რომლებიც კონკურსს გამოეთიშნენ, სხვა ვაკანტურ ადგილებზე დანიშვნას შეძლებს.
კანონის მიხედვით, დასაშვები ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ზედიზედ მეორე ვადით არჩევა, რაც ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას კვორუმი ორი მესამედიდან მარტივ უმრავლესობამდე მცირდება.