თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. დედაქალაქში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების გამო ჯავახიშვილისა და ინაშვილის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა 31 დეკემბრის 10:00 საათიდან 1 იანვრის 05:00 საათამდე იმოქმედებს.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში კოსტავას ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას სატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით შეძლებენ.
მარჯვენა სანაპიროდან ჯავახიშვილის ქუჩისკენ მოძრავი ტრანსპორტის გადაადგილება კი დასაშვები მხოლოდ კოსტავას ქუჩის მიმართულებით იქნება.
რაც შეეხება თაბუკაშვილის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს, მათ გადაადგილება თაბუკაშვილისა და მესხიას ქუჩების გადაკვეთამდე შეუძლიათ.
აღნიშნულ პერიოდში შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.
წყარო - თბილისის მერიის პრეს-სამსახური.