თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მერია ბიზნესის წარმომადგენლებს შეღავათს უწესებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კერძოდ, ბიზნესის წარმომადგენლები გათავისუფლდებიან 2020 და 2021 წლების იჯარის დავალიანებისგან.
კორონავირუსის პანდემიამ ბოლო ორ წელიწადში სერიოზული დარტყმა მიაყენა ბიზნეს-კომპანიებს, რომლებმაც შემოსავლების ვარდნის გამო ვერ შეძლეს იჯარის გადახდა და ერთიმეორის მიყოლებით იხურებოდნენ.
„ვადაგასულ საიჯარო ხელშეკრულებებს უნდა აღვუდგინოთ ვადები. ამისთვის საჭიროა, აღნიშნულმა სუბიექტებმა მიმართონ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, რათა შესაბამისი ცვლილებები უმოკლეს დროში განხორციელდეს და შეძლონ მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შეღავათებით სარგებლობა“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, კომპანიებს ამ საკითხის მოსაგვარებლად ვადა 1 აპრილამდე აქვთ.
უფრო ადრე ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ 2021–2022 წლებში მუნიციპალური გადასახადებისგან 700-მდე მოიჯარე გათავისუფლდება ჯამში დაახლოებით 11 მლნ ლარის გადახდისგან. ასევე 160-მდე კაფეს მფლობელი იჯარის გადახდისგან თავისუფლდება 2022 წლის ბოლომდე. ისინი დაახლოებით 800 ათასი ლარის ეკონომიას გასწევენ.
მოიჯარეებს, რომლებსაც იჯარის ვადა 2021 წლის 1 იანვარს ამოეწურათ ან ეწურებათ 2022 წლის 1 იანვარს, ქალაქის ადმინისტრაცია საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებას ან აღდგენას სთავაზობს 2024 წლის 1 იანვრამდე.
გარდა ამისა, მოიჯარეებს ჩამოეწერებათ იჯარის გადაუხდელობის გამო დაწესებული ჯარიმები.