თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე შეთანხმებას მოაწერა ხელი, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დუბაიში.
დოკუმენტი მხარეებს შორის საერთაშორისო გამოფენა „ექსპო 2020 დუბაის“ ფარგლებში გაფორმდა.
მოლაპარაკებები გაგრძელდება მომავალი წლის განმავლობაში და ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ მომავალ წელს დასრულდება კიდეც წარმატებით.
„სამი თვის წინ ოფიციალური ვიზიტით გახლდით დუბაიში და მაშინ შედგა შეთანხმება, ძალიან სწრაფად დაგვეწყო მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. სულ რაღაც სამ თვეში მოვახერხეთ და ხელი მოვაწერეთ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ შეთანხმებას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მისი განმარტებით, პანდემიის მიუხედავად, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება, თუმცა ინტერესი გაცილებით დიდია, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს ქართული ექსპორტის ზრდას ამ ქვეყანასა და ამ რეგიონში.
„ეს არის სოფლის მეურნეობის პროდუქტი, ხილი, ბოსტნეული, ხორცპროდუქტები, მინერალური წყლები და ბევრი სხვა პროდუქტი, რომელიც შეგვიძლია მივაწოდოთ ბაზარს და ამის დიდი ინტერესი არსებობს“, – აღნიშნა თურნავამ.
მინისტრის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები არის პირველი ქვეყანა რეგიონიდან, ვინც ძალიან მალე შეუერთდება იმ 46 ქვეყანას, ვისთანაც საქართველოს უკვე აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ეს წაადგება ორივე ქვეყანას.
„ეს წაადგება ჩვენს განვითარებას, როგორც სავაჭრო და საინვესტიციო ჰაბის კონკრეტულად სპარსეთის ყურის რეგიონთან“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
დუბაიში საერთაშორისო გამოფენა „ექსპო 2020 დუბაიზე" დღეს საქართველოს ეროვნული დღის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოს დელეგაცია დაესწრო.