COVID-19 - ბოლო ცნობები

ეპიდემიოლოგი: 2022 წლის დასაწყისში „ომიკრონი“ უკონტროლო გახდება

„ომიკრონ" შტამისთვის დამახასიათებელი სწრაფი გავრცელების გამო ეპიდემიოლოგები პანდემიის მეექვსე ტალღას იანვრის თვეში ელოდებიან.
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ძალზე ცუდი პროგნოზები ახალი წლის შემდეგ გვაქვს, რადგანაც კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის გავრცელება უკონტროლო გახდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.
საქართველოში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა 20 დეკემბერს დაფიქსირდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ამ დროისათვის კი „ომიკრონი“ 63 ადამიანს აქვს დადასტურებული.
იმნაძის თქმით, ქვეყნისთვის პრობლემა პირბადის ტარებისა და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლებია.

„ცუდი პროგ­ნო­ზე­ბი გვაქვს ახალი წლის შემდგომ პერიოდზე, რად­გა­ნაც „ომიკ­რო­ნი“ ქვე­ყა­ნა­ში უკვე გავრცელდა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჯერ ცოტა შემთხვევებია და უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში ვა­ხერ­ხებთ გავ­ყვეთ „ომიკ­რო­ნის“ გა­და­ცე­მის ჯაჭვს, მაგ­რამ ცოტა ხან­ში ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, რადგანაც რა­ო­დე­ნო­ბა მო­ი­მა­ტებს“, – განაცხადა იმნაძემ ტელეკომპანია „პალიტრა TV“-ს ეთერში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად“ შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი“ უწოდა. ექსპერტების თქმით, ახალ შტამს ახასიათებს ყელის „ფხაჭნის“ შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი.
COVID-19 - ბოლო ცნობები
გამყრელიძე: შეიძლება „ომიკრონი" პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს
ამ დროისთვის „ომიკრონი“ მსოფლიოს 89 ქვეყანაშია გამოვლენილი. სპეციალისტების თქმით, ამ შტამით შესაძლოა დაინფიცირდნენ როგორც კოვიდგადატანილი, ისე ვაქცინირებული ადამიანები.
საქართველოში ეპიდვითარება ბოლო ორი კვირის მანძილზე შედარებით დასტაბილურდა. ინფიცირების შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 2–3 ათასის ფარგლებში მერყეობს. თუმცა, კვლავ მაღალი რჩება ლეტალობის მაჩვენებელი – საშუალოდ 50–60 ადამიანი დღეში.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 928.030 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 888.022 ადამიანი. გარდაიცვალა 13.646 პაციენტი.