თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. დუბაიში მიმდინარეობს საერთაშორისო გამოფენა „ექსპო 2020 დუბაი“ (Expo 2020 Dubai).
გამოფენის ფარგლებში დუბაიში დღეს საქართველოს ეროვნული დღე აღინიშნება, რომელსაც ქართული დელეგაცია ესწრება.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო გამოფენაზე ღირსეულად არის წარმოდგენილი ქართული პავილიონის სახით, რომელიც მაღალ ინტერესს იწვევს დამთვალიერებელთა შორის. მას ყოველდღიურად 2 ათასამდე ვიზიტორი სტუმრობს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, „ექსპო 2020 დუბაიზე“ ქართული პავილიონი წარმოდგენილია ოთხი თემატური მიმართულებით – ტრადიციული მეღვინეობა, ქართული დამწერლობა, დინამიკური და განვითარებადი ტურისტული მიმართულება მსოფლიოში და ბიზნეს-გარემო.
„საქართველოს პავილიონში წარმოჩენილია ჩვენი ქვეყნის ყველაზე უნიკალური მიმართულებები, როგორიცაა ჩვენი დამწერლობა, კულტურა, ტურისტული პოტენციალი, აგრეთვე ინოვაციებში, ტექნოლოგიებში, ენერგეტიკასა და სოფლის მეურნეობაში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები, რომელთაც საქართველო სთავაზობს უცხოელ პოტენციურ ინვესტორებს“, – განაცხადა თურნავამ.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ურთიერთობები არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ზოგადად არაბულ სამყაროსთან ძლიერდება და საქართველოს მიმართ იზრდება ინტერესი ტურისტული, საინვესტიციო, ვაჭრობის თვალსაზრისით.
Expo 2020 Dubai-ში მსოფლიოს 191 ქვეყანა მონაწილეობს.
წყარო - ეკონომიკის სამინისტრო.