სააკაშვილი გამოჯანმრთელდა და ციხეში უნდა დაბრუნდეს – იუსტიციის მინისტრი

ექს-პრეზიდენტს წნევა აეწია, როდესაც შეატყობინეს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან უკან, ციხეში გადაჰყავდათ.
Sputnik
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. პატიმარი არ შეიძლება იმყოფებოდეს საავადმყოფოში, თუ მისი მკურნალობა დასრულდა. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც კომენტარი გააკეთა გუშინდელ გადაწყვეტილებაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 ციხეში გადაყვანის თაობაზე.
მიხეილ სააკაშვილი 19 ნოემბერს, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გორის ჰოსპიტალში რეაბილიტაციისთვის მოათავსეს. მისი ადვოკატები, მკურნალი ექიმი და ნათესავები მიიჩნევდნენ, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ ჰქონდა.

„თუ შესაძლებელია, რომ პრობლემა შეექმნას ჯანმრთელობას, ამ შემთხვევაში არსებობს გლდანის მე-18 დაწესებულება, სადაც გადაგვყავს ხოლმე ჩვეულებრივად ყველა პატიმარი და ამ შემთხვევაში ისიც იქნება გადაყვანილი მე-18 დაწესებულებაში, როგორც ეს იყო წინა შემთხვევაში", – განაცხადა ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, ეს სტანდარტია და გამონაკლისი არ დაიშვება არცერთი პატიმრისთვის, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
ბრეგაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ოფიციალურად უკვე გაწერილია და სპეციალური პენიტენციური სამსახური ვალდებული იყო მსჯავრდებული ციხეში დაებრუნებინა. თუმცა ის არ დაემორჩილა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მოთხოვნას და წინააღმდეგობა გაუწია მათ. ამის გამო მას არტერიული წნევა აეწია.
სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ციხეში ეტაპირება დროებით შეჩერდა>>
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ორშაბათს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. უწყებაში ეს იმით ახსნეს, რომ პატიმრის მკურნალობა დასრულდა.
სამსახური აცხადებს, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა მას შემდეგ, რაც მას რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ აცნობეს.
ბოლო მოვლენებს გორის ჰოსპიტალში ექს-პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ "სააკაშვილის გატაცების მორიგი მცდელობა" უწოდა. მისი თქმით. სამხედრო ჰოსპიტალი ახლა არაფრით გამოირჩევა გლდანის ციხის საავადმყოფოსგან.
საბოლოოდ იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის კიდევ გარკვეული დროით ჰოსპიტალში დატოვება გადაწყვიტა.