„ეკონომიკური რომანტიზმი“: ქართველი ექსპერტი კრიპტოვალუტის მაინინგის პრობლემის შესახებ

ექსპერტი საუბრობს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადადგას ხელისუფლებამ უკანონო მაინინგის პრობლემის გადასაჭრელად
Sputnik
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგის საკითხი აქტუალური მას მერე გახდა, რაც მესტიაში ელექტროენერგიის მიწოდება გრაფიკით დაიწყო.
ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხებები გამოწვეულია ქსელების გადატვირთვითა და დაზიანებებით რეგიონში კრიპტოვალუტის მაინინგისთვის ელექტროენერგიის რეკორდულად გაზრდილი მოხმარების გამო.
საქართველოში კრიპტოვალუტის მაინინგის საკითხი საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს, ასევე უნდა გაიზარდოს მოსახლეობის ცნობიერება, რომელიც პირადი სარგებლის გამო ელექტროენერგიაზე შეღავათებს ბოროტად იყენებს, განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძემ.
„ვფიქრობ, რომ პრობლემა ორი ძირითადი ხერხით უნდა გადაწყდეს: პირველი არის სამართლებრივი რეგულირება, მეორე არის ადამიანების ცნობიერების ამაღლება და აქცენტი იმაზე, რომ თითოეული გარიგება თუ მაინინგ-ინდუსტრიის გაძლიერება მათი უახლოესი მეზობლების უფლებებსა და ინტერესებს ზღუდავს და ამ რეგიონის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს არათანაბარ პირობებში აყენებს“, - განაცხადა არჩვაძემ Sputnik-საქართველოსთან ინტერვიუში.
მესტიაში მაინინგ-ფერმების დიდი რაოდენობით გაჩენა უკავშირდება ელექტროენერგიის დაბალ ტარიფებს, რომლებიც მაღალმთიანი რეგიონებისთვისაა დაწესებული. სპეციალური შეღავათების წყალობით ელექტროენერგიას მოსახლეობა უფასოდ იღებს, შუქის საფასურს მხოლოდ რეგისტრირებული მეწარმეები იხდიან.
„ამ პრობლემას რამდენიმე ასპექტი აქვს. ჯერ ერთი, ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ირაციონალური აზროვნების და ერთგვარი „ეკონომიკური რომანტიზმის“ მძევლად რჩება. ისინი ცდილობენ იპოვონ ის გზა, რომლითაც შესაძლებელია არსებული ეკონომიკური პრობლემების სწრაფი გადაჭრა“, - განაცხადა არჩვაძემ.
კომპანია Energo-Pro Georgia-ს ინფორმაციით, რომელიც საქართველოს რეგიონებს ელექტროენერგიას აწვდის, მესტიის მოსახლეობის 24-საათიანი მომარაგებისთვის აუცილებელია 7 მეგავატი ელექტროენერგია. ეს მაშინ, როცა ამჟამად მუნიციპალიტეტი 27 მეგავატ ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც ძირითადად გამოწვეულია მაინერების დიდი რაოდენობით. გასული წლების მაჩვენებლებთან შედარებით, წელს მოხმარება 237%-ით გაიზარდა.
კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული აფერა - საქართველოს მოქალაქეს 165 ათასი დოლარი გამოსტყუეს >>
ადგილობრივმა ხელისუფლებამ განგაში ატეხა და მოსახლეობას მოუწოდა, უარი თქვას მაინინგზე, რადგან ამის გამო მუნიციპალიტეტი შესაძლოა შუქის გარეშე დარჩეს. მესტიის მერია მცხოვრებლებს მოუწოდებს, „გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, გამორთონ მაინერები და დაუბრუნდნენ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, სადაც ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვა არავის მოერიდება“. მესტიის მოსახლეობა, თავის მხრივ, მერიას მოუწოდებს, მიიღოს მკაცრი ზომები და მაინინგი აღკვეთოს. ამასთან დაკავშირებით მოსახლეობამ მესტიის ცენტრში აქცია გამართა.
ენგურჰესის ხაზი დაზიანდა და ელექტროენერგია მუნიციპალიტეტს „ლაჯანურის“ ალტერნატიული ხაზით მიეწოდებოდა, რომელიც ასევე დაზიანდა. არსებული ქსელის შესანარჩუნებლად Energo-Pro Georgia-ს უწევდა დატვირთვის შემცირება და მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდება, ვიდრე ხაზი არ შეკეთდება. დღეს ხაზი შეკეთდა, მაგრამ „ენერგო-პრო“ არ გამორიცხავს, რომ დაზიანება კვალავ მოხდება, თუ მაინინგი არ აღიკვეთა.
ენერგოკრიზისი ზემო სვანეთში: Energo-Pro Georgia-ს განცხადება >>
კრიპტოვალუტა არის ვირტუალური ფული, მაინერი – კომპიუტერი, რომელიც მას გამოიმუშავებს. ვირტუალური ფულის წარმოებას მაინინგს უწოდებენ, მაინინგპულს კი - შუამავალს, რომელიც ამ სიმძლავრეებს ერთ სივრცეში აერთიანებს.
კრიპტოვალუტის მაინინგი ბოლო წლებში საქართველოში პოპულარული საქმიანობაა. კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის (CCAF ) 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, საქართველო კრიპტოვალუტის მაინინგზე დახარჯული ელექტროენერგიის მოცულობით მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა. ვირტუალური ვალუტის გამომუშავებას კი ქვეყანაში 60 მეგავატი ელექტროენერგია ხმარდებოდა.