თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი გაიმართა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო სხდომას მიხეილ სააკაშვილი არ დასწრებია, ექს-პრეზიდენტი, რომელსაც ორ სხვადასხვა საქმეზე ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ საქმეზე ცენტრ „ემპათიისა“ და იმ კონსილიუმის დასკვნების დართვა მოითხოვა, რომელიც საქართველოს სახალხო დაცველის ინიციატივით შეიქმნა.
აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა დააკმაყოფილა.
„როდესაც საქმე ეხება ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ უარს არასდროს ვამბობთ“, – განაცხადა მოსამართლემ.
სააკაშვილის ადვოკატებმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე ბრალდებული სააკაშვილის თანდასწრებით იმ მოწმეების ხელმეორედ დაკითხვაც მოითხოვეს, რომლებიც საქმეში დაზარალებულებად არიან ცნობილი, რაზეც მოსამართლისგან უარი მიიღეს.
„ჩვენ გვინდოდა, რომ სასამართლოს მიეცა საშუალება სააკაშვილისთვის, რომ მას პირადად დაესვა კითხვები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ საქმეში დაზარალებულებად ცნეს“, – განაცხადა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ უფროსს ანზორ ჩუბინიძესაც უნდა მიეცა, თუმცა ჩუბინიძემ უწყების ჩაბარების შემდეგ სასამართლოს შეატყობინა, რომ სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარე 25 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე თბილისში არ იქნება.
ჩუბინიძე ლატვიაში, რიგაში იმყოფება, შესაბამისად, დღეს გამართულ სხდომაზე ის არ გამოცხადებულა, თუმცა ჩუბინიძემ მზადყოფნა გამოთქვა, გამოცხადდეს მომდევნო სხდომებზე.
საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ანზორ ჩუბინიძის დაკითხვა დაცვის მხარეს სურს, რომელიც აცხადებს, რომ ანზორ ჩუბინიძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვანი იქნება და დადასტურდება, რომ ე.წ. საიდუმლო ხარჯები სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში „ქართული ოცნების“ მმართველობის დროსაც არსებობდა.
„პიჯაკების საქმეზე“ მომდევნო სასამართლო პროცესი 2022 წლის 26 იანვარს არის ჩანიშნული.
საქმის დეტალები
სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდება ეხება 2009-2012 წლებში საბიუჯეტო სახსრების ადრე გასაიდუმლოებულ ნაწილს.
ბრალდება სააკაშვილს, რომელმაც სამშობლო 2013 წელს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მერე მალევე დატოვა, 2014 წელს დაუსწრებლად წაუყენეს.
მაშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი სააკაშვილის ხარჯები და მას თან ახლავს ქვითრების ქსეროასლები.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2009 წლის აპრილში სააკაშვილმა პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახსრების დახარჯვა გასაიდუმლოებული ფორმით გადაწყვიტა. მანამდე პრეზიდენტის ხარჯები საჯარო იყო და ფინანსდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს სახსრებიდან.
გამოძიების მონაცემებით, დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება დავალებული ჰქონდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თემურ ჯანაშიას, რომელიც დღეს ასევე განსასჯელთა სკამზეა.
პროკურატურამ თვალსაჩინოებისთვის დეტალურად წარმოადგინა სააკაშვილის ხარჯების ნაწილი:
ნახატის შესყიდვა ლონდონში - მერედიტ ოსტრომის ნამუშევარი, რომელიც მკერდით ხატავს - 15.989 ლარი.
სააკაშვილის მიერ დაქირავებული ესპანელი მზარეულის სერხიო კალდერონ ლატასის შრომის, საცხოვრებელი ადგილისა და ესპანეთში დაბრუნების ხარჯები, ასევე მისი თარჯიმნის შრომის ანაზღაურება - 191.643 ლარი.
სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროსა და ბილეთების თანხა - 75.181 ლარი.
სასტუმრო მომსახურება და სამკურნალო გახდომის პროცედურები ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის გამაჯანსაღებელ ცენტრში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასთვის - 26.388 ლარი.
სასტუმრო მომსახურება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ბათუმში მარიამ საჯაიასთვის (დეპუტატი) – 6.342 ლარი.
სასტუმრო მომსახურება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ალანა გაგლოევასთვის (პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი) – 6.401 ლარი.
ბილეთების ყიდვა ვერა ქობალიას (ეკონომიკის ყოფილი მინისტრი) მშობლებისა და დისთვის, ნინა ქობალიასთვის - 38.247 ლარი.
ავიალაინერის დაქირავება მიხეილ სააკაშვილისთვის - 503.383 ლარი.
Porsche-ს, Mercedes-ის და Audi-ს დაქირავება ავსტრიაში მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავასთვის - 58.876 ლარი.
ლიმუზინისა და მინივენის დაქირავება მიხეილ სააკაშვილისთვის ვერონაში ვიზიტის დროს - 45.214 ლარი.
ვერტმფრენის დაქირავება პერუში - 33.204 ლარი.
იახტის დაქირავება პიზაში - 25.237 ლარი.
შვიდი პიჯაკისა და ქაშმირის პალტოს შეძენა მიხეილ სააკაშვილის მიერ ლონდონში - 49.499 ლარი.
ორი კოსტიუმის (ხელით შეკერილი) შეძენა - 7.994,84 ლარი.
ათი მაჯის საათის შეძენა საქართველოსა და ინგლისში - 53.283 ლარი.