თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. დღეს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში შეხვდა, სადაც სააკაშვილი პატიმრის სტატუსით იმყოფება და 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის.
მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე - საერთო ეროვნულ თანხმობაზე - საუბრისას მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ მოლაპარაკებების გამართვა მაშინ, როდესაც ზოგიერთი მათგანი მსჯავრდებულია, ზოგიერთი კი - დევნის ობიექტი.
მარგველაშვილის თვალსაზრისით, იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება, მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.
მისი თქმით, ეს ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს მიხეილ სააკაშვილს, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ასევე პარტია „ლელოს“ ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.
„ამ საუბრის წინაპირობა არ შეიძლება იყოს მიმდინარე დევნა ან პატიმრობა ამ საუბრის აქტორებისა - წინაპირობა უნდა იყოს, რომ ამ მრგვალ მაგიდას ვინც მივუსხდებით და ვისაუბრებთ საქართველოს ერთიან და მთლიან პოლიტიკაზე, როგორიც არის გეოპოლიტიკური გამოწვევები, ვერ ვიქნებით ზოგი პატიმარი და ზოგი დევნის ობიექტი. ამ პერიოდისთვის ამ საქმეებზე უნდა დაწესდეს მორატორიურმი", - თქვა მარგველაშვილმა
მარგველაშვილმა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის ფარგლებში სააკაშვილთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა მოქმედ პრეზიდენტთან 20 დეკემბერს შეხვედრის შემდეგ. სააკაშვილმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა მარგველაშვილს და განაცხადა, რომ ნებისმიერ დროს მზად იყო შესახვედრად.
სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა სამი პრეზიდენტის შეხვედრის მნიშვნელობას.
„ვთანხმდებით რა ორივენი, რომ ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშეა საქართველო, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტების გაერთიანება და შიდა დაპირისპირების ტემპერატურის დაწევა არის უაღრესად მისასალმებელი, დროული და მხარდასაჭერი", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მარგველაშვილის სიტყვებით, შეხვედრაზე მან და სააკაშვილმა სამი პრეზიდენტის ფორმატში შეხვედრის გამართვის მზადყოფნა გამოხატეს, მით უფრო იმის ფონზე, როდესაც საუბარია „ახალი ფურცლის გადაშლაზე და ახალი ტრადიციების შექმნაზე“.
„სამი პრეზიდენტის ფორმატმა ყველა განსხვავებულობის მიუხედავად, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს სამივეს ერთმანეთის მიმართ, ქართველ ხალხს უნდა გაუგზავნოს გზავნილი, რომ საერთო დაპირისპირების, საერთო მტრის წინააღმდეგ ჩვენ ყოველთვის ვერთიანდებოდით და ვიქნებით გაერთიანებულები“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თავის თავზე აიღებდა ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის დაძლევის ინიციატივას. შექმნილი ვითარებიდან გამოსვლა, მისი თქმით, შეიძლება საერთო ეროვნული დისკუსიით. საქართველოს პრეზიდენტმა მოლაპარაკების სამი პრინციპიც დაასახელა: ინკლუზიურობა - პროცესში ყველა მხარის მონაწილეობა, გამჭვირვალობა და წინაპირობების არარსებობა.
სააკაშვილმა ზურაბიშვილის ინიციატივა მოიწონა და მოქმედი და წინა პრეზიდენტები გორის ჰოსპიტალში მიიწვია.
სააკაშვილს ზურაბიშვილის ინიციატივა შერიგების პროცესის დაწყების შესახებ მოეწონა და მან ზურაბიშვილი და მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიიწვია.
მანამდე მარგველაშვილმა განაცხადა, რომ უკეთესი იქნება, თუ სამი პრეზიდენტის შეხვედრა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართება.
თავის მხრივ, წმინდა სინოდის წევრმა, ბოდბის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ შექმნილ სიტუაციაში ეკლესიის გარეშე მხარეები შერიგებას ვერ შეძლებენ. მან პრეზიდენტებს შეხვედრის ადგილად საპატრიარქო შესთავაზა.