თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. პანდემიური რისკები ძალიან გაზრდილია კორონავირუსის ახალ, „ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებით და ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო ღამის კლუბების გახსნას მხარს ვერ დაუჭერს, განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
აკრძალვის მიუხედავად, 17 დეკემბერს, წლინახევრიანი პაუზის შემდეგ, ზოგიერთმა ღამის კლუბმა მუშაობა თვითნებურად განაახლა. როგორც მფლობელებმა განაცხადეს, ისინი მუშაობენ უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით, რომელიც კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ არის შემოღებული.
ერთი კვირის შემდეგ, 24 დეკემბერს შრომის ინსპექციის სამსახურმა დალუქა საქართველოს ფარგლებს გარეთ ყველაზე ცნობილი ღამის კლუბი Bassiani და კიდევ რამდენიმე ღამის კლუბი თბილისში, რომლებმაც სტუმრების მიღება გადაწყვიტეს. როგორც Bassiani-ს მფლობელმა ნაჯა ორაშვილმა დაწერა, სახელმწიფოს კლუბური ინდუსტრიის განადგურება სურს.
თავის მხრივ, ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ღამის კლუბების გახსნა უნდა გადაიდოს „ომიკრონის“ შტამის გამო, რომელიც საქართველოში უკვე გამოვლინდა.
„დღეს ძალიან მაღალია პანდემიური რისკები, განსაკუთრებით „ომიკრონთან“ მიმართებაში, სწრაფი გავრცელებაა და ამ პირობებში კლუბების გახსნა არის კიდევ ერთი დამატებითი რისკი, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მხარს ვერ დაუჭერს“, - განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნიას თქმით, „გარკვეული პერიოდის“ განმავლობაში ყველამ უნდა მოითმინოს და თავი შეიკავოს მსგავსი გართობისგან.
ეპიდვითარება საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შედარებით დასტაბილურდა. კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა არ აჭარბებს 2-3 ათასს დღე-ღამეში. მაგრამ მაღალი რჩება სიკვდილიანობის მაჩვენებელი - საშუალოდ 50-60 ადამიანი დღე-ღამეში.
ეპიდემიოლოგების პროგნოზებით, „ომიკრონის“ გავრცელების შედეგად ქვეყანაში პანდემიის ახალი აფეთქებაა მოსალოდნელი.
საქართველოში „ომიკრონის“ პირველი შემთხვევა 20 დეკემბერს გამოვლინდა. რამდენიმე დღეში მათი რაოდენობა 51-მდე გაიზარდა.