საქართველოს პატრიარქს აღსაყდრების 44-ე წლისთავი მიულოცეს

აღინიშნა, რომ სწორედ კათოლიკოს-პატრიარქის დამსახურებაა ის, რომ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას შეემატა პატრიარქის 43 ათასამდე ნათლული.
Sputnik
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. თბილისის სასულიერო აკადემიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44-ე იუბილე მიულოცა.
ამ თარიღისათვის მიძღვნილი საზეიმო ლიტურგია სვეტიცხოვლის ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.
პატრიარქს აღსანიშნავი თარიღი მიულოცეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, სამეცნიერო საბჭომ, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.
„განუზომელია თქვენი ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მთელი ქართველი ერის წინაშე. აღსაყდრების დღიდან თქვენ მიზნად დაისახეთ სულიერების, საეკლესიო განათლებისა და მეცნიერების აღორძინება, რაც შეუძლებელი იქნებოდა უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლების გარეშე“, - ნათქვამია მილოცვაში.
მილოცვაში ჩამოთვლილია პატრიარქის ყველა ღირსშესანიშნავი მიღწევა, მათ შორის ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება. აღინიშნა, რომ სწორედ კათოლიკოს-პატრიარქის დამსახურებაა ის, რომ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას პატრიარქის 43 ათასამდე ნათლული შეემატა.
ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა
„ვაცნობიერებთ რა თქვენი პიროვნების მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისათვის, შევთხოვთ ღმერთს, მოგანიჭოთ მრავალჟამიერი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომ კიდევ მრავალი წელი შეეწეოდეს ჩვენს სამშობლოს თქვენი წინამძღვრობისა და ღვთის წინაშე აღვლენილი თქვენი მამამთავრული ლოცვის მადლი“, - ნათქვამია მილოცვაში.
ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა. ამასთან დაკავშირებით დღეს სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო. კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად ღვთისმსახურებაში წმინდა სინოდის წევრები იღებენ მონაწილეობას.
ილია მეორე (ერობაში ირაკლი ღუდუშაური–შიოლაშვილი) გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობახიძის მეოთხე შვილი იყო. 1927 წელს ოჯახი საცხოვრებლად ვლადიკავკაზში გადავიდა, ახალშობილი შობის დღეს ქართულ ტაძარში მონათლეს.
ილია მეორე: ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება
1952 წელს ირაკლი შიოლაშვილმა ვლადიკავკაზის №22 სკოლა დაამთავრა და იმავე წელს სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1956 წელს წარჩინებით დაამთავრა და, როგორც საუკეთესო სტუდენტი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე ჩაირიცხა. 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძარში 24 წლის ირაკლი შიოლაშვილი მეუფე ზინობმა ბერად აღკვეცა და დიდი წინასწარმეტყველის — ილიას სახელი უწოდა.
1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულია იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს, კათალიკოს-პატრიარქ მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით – მღვდელ-მონაზვნად მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის ალექსის მიერ – წმინდა სერგის მონასტრის ტაძარში და დაჯილდოებულია ოქროს სამკერდე ჯვრით.
1960 წლის 19 დეკემბერს იგი აიყვანეს იღუმენის ხარისხში, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს – არქიმანდრიტის ხარისხში. 1963 წელს ილია მეორე ბათუმისა და შემოქმედის ეპარქიას ჩაუდგა სათავეში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის (1963–1972 წლები) რექტორი. 1967 წელს სოხუმის ეპისკოპოსი, ხოლო 1969 წელს მიტროპოლიტი გახდა.
1977 წლის 9 ნოემბერს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, დაადგინეს პატრიარქის მოსაყდრედ. 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ, 390-400 წწ.).
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30 მოქმედი ტაძარი. დღეისთვის სულ 42 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი 47 მღვდელმთავარი, მათგან ორი ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. თბილისში წმინდა სამების ტაძარი აშენდა. დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.