თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც მასობრივი შიმშილობაა გამოცხადებული, გაიხსნა მედპუნქტი და მორიგეობს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, განაცხადა პარტიის წევრმა ბაჩო დოლიძემ.
საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მეოთხე დღე 12 კარავია გაშლილი. ოპოზიციის ცნობით, სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობაში 200-მდე ადამიანი მონაწილეობს.
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ყოველ დილით გადიან შემოწმებას მედპუნქტში, რომელიც აქ გაიხსნა. პარალელურად მორიგეობს სასწრაფო დახმარების მანქანა“, - განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, ღამით რამდენიმე მოშიმშილე შეუძლოდ გახდა, მაგრამ სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ მათ შიმშილობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს.
21 დეკემბერს, სააკაშვილის დაბადების დღეზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივ შიმშილობას იწყებენ. მისი თქმით, შიმშილობა იქნება უვადო და არ შეწყდება მანამ, სანამ ექს-პრეზიდენტი ციხიდან არ გათავისუფლდება.
მანამდე ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიის ლიდერებს შიმშილობის დაწყება თავად სააკაშვილმა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა. აღნიშნული ინფორმაცია „ნაცმოძრაობაში“ უარყვეს.
ამ დროისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ორ სისხლის სამართლის საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული, 50–დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სარეაბილიტაციო კურსს გადის. სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მისი მომხრეები პერმანენტულ აქციებს მართავენ.