საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამი სცენარი – ეროვნული ბანკის პროგნოზი

საბაზო სცენარი ასახავს ეკონომიკის მოსალოდნელ მდგომარეობას, რომლის დროსაც რისკ-ფაქტორები სწორი პოლიტიკით არის დაბალანსებული.
Sputnik
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროგნოზში მოვლენების განვითარების სამ სცენარს განიხილავს, რომელთა შორისაა როგორც საბაზო, ისე ყველაზე არახელსაყრელი ვარიანტი.
საბაზო სცენარი მოიაზრებს მოსალოდნელ ეკონომიკურ მდგომარეობას, რომლის დროსაც რისკ-ფაქტორების დაბალანსება სწორი პოლიტიკით ხდება.
ამ სცენარით 2021–2022 წლებში მოსალოდნელია ეკონომიკური აქტივობის აღდგენა მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის მორიგი აფეთქებებისა.
საქართველოს ეკონომიკა - ევროპის ფინანსური ინსტიტუტების შეფასება და ანგარიში
ასეთი სცენარი განპირობებული იქნება მაღალი მოთხოვნითა და აქტიურობით. სცენარის თანახმად, 2021 წელს იზრდება საქართველოს სავაჭრო პარტნიორების აქტიურობა, რაც სავაჭრო ნაკადებისა და ფულადი გადარიცხვების ზრდას განაპირობებს. თუმცა საერთაშორისო ნაკადების მხოლოდ ნაწილობრივი აღდგენის ფონზე სიტუაციის გაუმჯობესება მხოლოდ მომავალი წლიდან არის მოსალოდნელი.
ამასთან, საბაზო სცენარით, საქართველოს ეროვნული ვალუტის – ლარის კურსი სტაბილური დარჩება, ხოლო ეკონომიკური აქტივობა 10%-ის დონეზე იქნება. ინფლაცია კი მიზნობრივ მაჩვენებელზე – 3%-ზე მაღლა დარჩება. ეს განპირობებულია იმპორტირებულ პროდუქციაზე საქართველოს დიდი დამოკიდებულებით, ლარის კურსის მერყეობითა და საერთაშორისო ფასების ზრდით. ფასებზე ზეწოლას მოახდენს ნავთობპროდუქტებსა და ტრანსპორტირებაზე, ასევე პანდემიასთან დაკავშირებით მიწოდების ჯაჭვში ხარვეზების გამო გაზრდილი საერთაშორისო ფასები.
მაღალ ინფლაციასთან ბრძოლისთვის ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედარებით გრძელვადიან შენარჩუნებას პროგნოზირებს.
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა
ამავე დროს რეგულატორი აღნიშნავს, რომ საბაზო პროგნოზი შედარებითია, რადგან ეკონომიკის აღდგენის პროცესი დამოკიდებული იქნება კორონავირუსის პანდემიის გავრცელებაზეც, ვაქცინაციის მასშტაბებზეც, განვითარებულ ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზების დაჩქარებასთან დაკავშირებულ რისკებზეც და მსოფლიო ბაზარზე არსებულ განწყობებზეც.
ოპტიმისტური სცენარით მოსალოდნელია მსოფლიოში ეკონომიკის უფრო სწრაფად აღდგენა და კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდების გაძლიერება, რაც გააუმჯობესებს ყველა პროგნოზირებულ პარამეტრს, მათ შორისაა უმუშევრობის დონის შემცირება, ლარის გამყარება და ა.შ.
რაც შეეხება პესიმისტურ სცენარს, ის ეფუძნება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში, მსოფლიო ინფლაციის მაღალ დონესა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას.