თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობას კიდევ ორი წევრი დაემატება, რომელთა ვინაობაც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე დაასახელა.
საუბარია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილსა და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეზე, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანზე.
კობახიძის ინფორმაციით, პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გაძლიერების მიზნით მიიღო.
კობახიძემ ოხანაშვილს და ჩიქოვანს წარმატებები უსურვა. ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს გიორგი ამილახვარის კანდიდატურა წარედგინება.
„გიორგის დღემდე ეკავა ამ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა და მას აქვს განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქმიანობის ძალიან ფართო გამოცდილება. შესაბამისად, ჩვენი აზრით, ის არის უალტერნატივო კანდიდატურა ამ თანამდებობაზე. წარმატებას ვუსურვებ გიორგის“, – განაცხადა კობახიძემ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში ამჟამად 19 წევრია. 2021 წლის 16 იანვარის შემდეგ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა.