თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის შემაჯამებელი საანგარიშო სესია და წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია ჩაატარა.
2021 წლის „საუკეთესო სპორტსმენის“ ნომინაციაში ამჯერად ორი გამარჯვებული გამოვლინდა, ჯილდო ოლიმპიურმა ჩემპიონებმა – ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ და ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა მიიღეს.
დანარჩენი ნომინაციები კი ასე განაწილდა:
„2021 წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი ქალებში“ - მარიამ ქერდიკაშვილი, კანოე.
„საუკეთესო სპორტსმენი ზამთრის სახეობებში“ - მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.
„2021 წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი ვაჟებში“ - მოჭიდავე ლერი აბულაძე.
„2021 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი“ - ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი.
„ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი“ - ლალი დოლიძე, მხატვრული ტანვარჯიში.
„საუკეთესი ახალგაზრდა სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში“ - წყალბურთელი გიორგი მაგრაქველიძე.
„ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროფესიონალური გაშუქებისთვის“ - ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე.
„2021 წლის საუკეთესო მწვრთნელი“ - ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი.
გარდა ამისა, დასახელდა „2021 წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია“ - ეს ჯილდო საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას ერგო, ასევე ნომინაციაში „ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის" დასახელდა ნინო სალუქვაძე. წლის შედეგების მიხედვით დარიგდა სხვა ჯილდოებიც.
ლაშა ტალახაძემ და ლაშა ბექაურმა 2021 წლის აგვისტოში გამართულ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლები მოიპოვეს. ქართველი ძალოსნისთვის ეს უკვე მეორე ოლიმპიური ოქროა, პირველად მან წარმატებას 2016 წელს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მიაღწია.
გარდა ამისა, ტალახაძე დეკემბერში მეხუთედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი და მან საკუთარივე რეკორდი გააუმჯობესა.
ბექაურისთვის, რომელიც 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ეს პირველი ოლიმპიური მედალია.