თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. დაცული გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს კიდევ ერთი გეოგრაფიული აღნიშვნა – „მუხურის თაფლი“ დაემატა, ნათქვამია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტის“ ინფორმაციაში.
გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით „საქპატენტში“ განაცხადი ასოციაცია „მუხურის თაფლმა“ შეიტანა.
„ამიერიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის (ხობისწყლის) ხეობაში არსებული ყვავილების ნექტრიდან მიღებული გამორჩეული გემოვნური თვისებების და არომატის მქონე მუხურის თაფლი სახელმწიფო დონეზე იქნება აღიარებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ჩხოროწყუში მეფუტკრეობას დიდი ისტორია და ტრადიციები გააჩნია. მუხურის თაფლი ხასიათდება საშუალოდ გამოხატული არომატით, ზომიერად ტკბილი, სასიამოვნო და განსაკუთრებული, დამახასიათებელი გემოთი. მას ძირითადად აგროვებენ მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, როდესაც თაფლოვანი მცენარეები ყვავილობს.
გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს იმისათვის, რომ აღიარებული იქნეს როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, განსაკუთრებული, გამორჩეული მახასიათებლებისა და გაზრდილი მოთხოვნილების გამო გეოგრაფიულ ადგილთან დაკავშირებული პროდუქტების ფასი ბაზარზე შეიძლება აღემატებოდეს ანალოგიური პროდუქტების ფასს.
საქართველო თაფლის ტრადიციული მწარმოებელი ქვეყანაა. საქართველოში გავრცელებულია რამდენიმე ადგილობრივი სახის თაფლი, რომელთაგან აღსანიშნავია აკაციის თაფლი, წაბლის თაფლი, მდელოს თაფლი და სხვ. ქართული თაფლის ძირითადი უპირატესობებია შესანიშნავი ბუნებრივი გარემო, კლიმატი და ფლორა, ხელსაყრელი მდებარეობა შავი ზღვის რეგიონში.