თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერი მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის წლიური ან 6-თვიანი აბონემენტის ყიდვას ურჩევს.
საქართველოში 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება. 6-თვიანი აბონემენტი 150 ლარი ეღირება, წლიური აბონემენტის ფასი კი 250 ლარი იქნება.
„შეიძლება ბანკებთან მოლაპარაკება და თანხის გადანაწილება. არ მგონია, ეს პრობლემა იყოს. მთავარია ყველა შეჭირვებული ოჯახი და პენსიონერი ძველებურად გადაიხდის. ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი, პრინციპული და მნიშვნელოვანი", – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ შეძლებენ დაბალი ხელფასის მქონე ადამიანები ძვირადღირებული აბონემენტის შეძენას.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი – 3 ლარი; 1-კვირიანი – 20 ლარი; 1-თვიანი – 40 ლარი; 3-თვიანი – 100 ლარი; 6-თვიანი – 150 ლარი; 1-წლიანი – 250 ლარი.
პენსიონერებისთვის, მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისა და მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა კვლავინდებურად 20 თეთრი ეღირება, სოციალურად დაუცველებისთვის – 10 თეთრი.