COVID-19 - ბოლო ცნობები

გამყრელიძე: ინფიცირების დღიური მაჩვენებელი შეიძლება 20–25 ათასამდე გაიზარდოს

Sputnik
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის მასობრივი გავრცელების შემდეგ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი შესაძლოა 20-25 ათასამდე გაიზარდოს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა 20 დეკემბერს გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ამ დროისათვის კი „ომიკრონი“ 29 ადამიანს აქვს დადასტურებული.
COVID-19 - ბოლო ცნობები
როდის მიიღებს საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო აბებს? ტიკარაძის განმარტება
ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებამ შეიძლება ახალი მკაცრი შეზღუდვების დაწესება გამოიწვიოს.

„ჩვენი პროგნოზით, „ომიკრონის“ გავრცელებამ პიკს, შესაძლოა, იანვრის შუა რიცხვებში მიაღწიოს. მაშინ ქვეყანა იძულებული იქნება მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებები შემოიღოს, რადგან სხვა გამოსავალი არ არის. დღეში 10–15–20–25 ათასი ინფიცირებული ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორისთვის დიდი დარტყმა იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი „დელტა“ შტამივით ვერაგი არ არის და არ ახასიათებს მაღალი სიკვდილიანობა, თუმცა სწრაფად ვრცელდება. მან მოსახლეობას პირბადის ტარებისა და ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველოში „ომიკრონის“ კიდევ რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა
გამყრელიძის განმარტებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას მოახლოებული საახალწლო დღესასწაულებიც შეუწყობს ხელს. მან მოსახლეობას თავყრილობებისგან მაქსიმალური თავის არიდებისკენ და კოვიდ-რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად“ შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი“ უწოდა. ექსპერტების თქმით, ახალ შტამს ახასიათებს ყელის „ფხაჭნის“ შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი.