თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის 2022 წლის 1 თებერვლიდან ახალი სააბონემენტო სისტემის ამოქმედების შემდეგ მოქალაქეებს ახალი სამგზავრო ბარათის შეძენა მოუწევთ, განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.
ეს იქნება ერთი ბარათი, რომელზეც მგზავრი თანხას ჩარიცხავს. თანხა შეძენილ პაკეტზეა დამოკიდებული. ერთჯერადი მგზავრობის ფასი გაორმაგდება და 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარი ეღირება. ამასთან, მგზავრს 90 წუთის განმავლობაში 1 ლარად რამდენიმე სახის ტრანსპორტის გამოცვლა შეუძლია. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება ერთი დღის, ერთი თვის, სამი თვის, ექვსი თვის და ერთი წლის პაკეტების შეძენა.
„ბარათი ერთჯერადი არ არის, ერთხელ მოუწევს მგზავრს ყიდვა და ამ ბარათზე მუდმივად შეიძლება დაირიცხოს სხვადასხვა პაკეტები. ბანკებთან გვაქვს საუბარი და მიდის მუშაობა იმაზე, რომ შესაძლებელი იყოს აბონემენტის პაკეტის ბარათზე მიბმა“, – განმარტა ხმალაძემ.
ახალი ბარათით შეუძლებელი იქნება, რომ ერთდროულად რამდენიმე მგზავრმა ისარგებლოს.
მერიის ინიციატივით, ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი – 3 ლარი; 1-კვირიანი – 20 ლარი; 1-თვიანი – 40 ლარი; 3-თვიანი – 100 ლარი; 6-თვიანი – 150 ლარი; 1-წლიანი – 250 ლარი.
ხმალაძემ დასძინა, რომ იმოქმედებს შეღავათები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, სოციალურად დაუცველი პირებისთვის და ომის ვეტერანებისთვის.
ამასთან, გარკვეული დროის განმავლობაში მოქმედებაში დარჩება „მეტრომანები“, რადგან ამ ბარათებზე თანხებია დარიცხული.
დღეისათვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ხდება „მეტრომანით“, რომელიც 2 ლარი ღირს. „მეტრომანით“ გადახდისას, თუ გადახდა ხდება სხვადასხვა ტრანსპორტში, პირველი გადახდიდან 1,5 საათის განმავლობაში მგზავრობა უფასოა.
მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია საბანკო ბარათებითაც, მაგრამ ამ დროს შეღავათები ყველა შემთხვევაში არ მოქმედებს.
არსებობს შეღავათიანი ბარათები მოსწავლეების, პენსიონერების, პედაგოგებისა და სოციალურად დაუცველი პირებისთვის. მათთვის მგზავრობის საფასური 20 თეთრია.
ახალი ბარათების ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.