თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik.1 იანვრიდან უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების მაქსიმალური დასაშვები ხანგრძლივობა 15 წლიდან 10 წლამდე მცირდება, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით უტიაშვილმა.
„ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა 8 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომ უცხოურ ვალუტაში იპოთეკურ სესხებზე მაქსიმალური ვადიანობა შემცირდეს 15-დან 10 წლამდე. ლარში იპოთეკურ სესხებს ეს არ შეეხება. ამ ინიციატივით ჩვენ უცხოური ვალუტის პორტფელზე რისკები შეგვიმცირდება“, – განაცხადა უტიაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზია მაღალი დოლარიზაცია, რომელიც პანდემიის პერიოდში მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.
„პანდემიის პიკის დროსაც დავინახეთ, რამდენად მაღალია მოწყვლადობა, როცა რესტრუქტურიზებული სესხების წილი უცხოურ ვალუტაში 2-ჯერ და 3-ჯერ აჭარბებდა ლარის მაჩვენებელს. ამ მოცემულობით დავინახეთ, რომ უკვე აპრილიდან სესხების ზრდა უცხოურ ვალუტაში დაჩქარდა. ძირითადად ეს იყო ბიზნესსესხები, თუმცა იპოთეკური სესხების წილიც იყო მნიშვნელოვანი და სხვა თანაბარ პირობებში ველოდებით, რომ ამ პორტფელის ზრდას შესაძლოა, 10 პროცენტისთვისაც კი მიეღწია შემდეგ წელს. ამასთანავე იცით, რომ მონეტარულ პოლიტიკას ვამკაცრებდით წლის განმავლობაში და ეს კიდევ უფრო უბიძგებს მსესხებლებს, რომ გადაერთონ უცხოურ ვალუტაზე“, - განაცხადა უტიაშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ იმოქმედებს უძრავი ქონების ბაზარზე და არ შეეხება დეველოპერული კომპანიების შიდა სესხებს.
რაც შეეხება ლარში აღებული ოპოთეკური სესხების მაღალ საპროცენტო განაკვეთს, უტიაშვილმა განმარტა, რომ ეს უკავშირდება მკაცრს მონეტარულ პოლიტიკას და როგორც კი ის შერბილებას დაიწყებს, საპროცენტო განაკვეთიც შემცირდება.
2021 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში 10 წელზე მეტი ვადით 3,9 მილიონი დოლარის 20,1 ათასი იპოთეკური სესხი გაიცა.