თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და გამომცემლობა „პალიტრა L“ ერთობლივი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულებს დააჯილდოებენ, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.
დაჯილდოების ცერემონია სასტუმრო „სტამბაში“ ხვალ, 24 დეკემბერს გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველ, მეორე და მესამე საპრიზო ადგილზე გასულ კონკურსანტებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ (პირველ ადგილოსანს – 1000, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულებს – 800 და 500 ლარი).
ასევე, გამოვლინდებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ბანკისა და English Books-ის რჩეულები. დაჯილდოების ცერემონიალზე გაიმართება კონკურსის ფინალისტების მოთხრობების კრებულ, „ეკრანის“ პრეზენტაციაც, რომელიც „პალიტრა L-მა“ გამოსცა.
ლიტერატურული კონკურსი სექტემბრის თვეში გამოცხადდა და რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა საქართველოში ავტორიზებული ნებისმიერი უმაღლესი ან/და პროფესიული სასწავლებლების მოქმედ სტუდენტებს შეეძლოთ. განსახილველად სულ 500-ზე მეტი განაცხადი შევიდა.
გამარჯვებული 15 სტუდენტი 22 ოქტომბერს ხუთ ტუტორთან ერთად კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში გაემგზავრა, სადაც ხუთი დღის განმავლობაში მხატვრული წერის, რედაქტირების შესახებ, დაკაბადონებასა და წიგნის გამოცემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე ლექციები ჩაუტარდათ.
კურსის დასრულების შემდეგ, კონკურსანტებს, ახალი ნაწარმოების შესაქმნელად, ორკვირიანი ვადა ჰქონდათ.
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“.
იუნესკოს გადაწყვეტილებით, თბილისმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი 2021 წლის 23 აპრილს კუალა–ლუმპურისგან გადმოიბარა. პროექტის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილია 100-ზე მეტი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ინფრასტრუქტურული და საბავშვო პროექტის განხორციელება.
UNESCO World Book Capital („წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“) – ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2002 წელს UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. ის მიზნად ისახავს წიგნის და კითხვის პოპულარიზაციას, წიგნის ინდუსტრიის და მომიჯნავე დარგების სტიმულირებას, ასევე თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების და გამომცემლების მხარდაჭერას.