საგანგაშოდ მზარდი სამომხმარებლო ფასები და ინფლაცია – რა შეიძლება იყოს გამოსავალი

ზაფხულის შემდეგ ინფლაცია ორნიშნა მაჩვენებელს არ ჩამოსცილებია.
Sputnik
სამომხმარებლო ფასების ზრდას დასასრული არ უჩანს. ეროვნული ბანკი და მთავრობა მაღალი ინფლაციის მიზეზად საგარეო ფაქტორებს და პანდემიას ასახელებენ. იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უარესია მსოფლიო მასშტაბით, ვაქცინაციის და სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ბევრად უარესი, ინფლაციის კლება ახლო მომავალში ნაკლებად სავარაუდოა.
თუ გავიხსენებთ, ეროვნულმა ბანკმა 2018 წლიდან ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ით განსაზღვრა და დღესაც ასეა. თუმცა, ამ წლის ივლისიდან მოყოლებული, ქვეყანაში სტაბილურად ორნიშნა ინფლაციაა. ივლისში 11,9%, აგვისტოში 12,8%, სექტემბერში 12,3%, ხოლო ოქტომბერში 12,8%-იანმა ინფლაციამ ისედაც ღარიბი ქვეყნის ღარიბ მოსახლეობას კიდევ უფრო გაურთულა ცხოვრება.
ინფლაცია რეკორდულად იზრდება, ეროვნულმა ბანკმა სესხიც გააძვირა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მიერ დეკემბრის პირველ რიცხვებში გამოქვეყნებული ბოლო მაჩვენებლის მიხედვით კი, ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 12,5% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ სურსათის ჯგუფში შემდეგი პროდუქტების ფასებია მნიშვნელოვნად გაზრდილი:
• 27,7%-ით გაძვირდა ზეთი და ცხიმი;
• 26,2%-ით – ბოსტნეული და ბაღჩეული;
• 20,4%-ით – პური და პურ-პროდუქტები;
• 17,9%-ით – რძე, ყველი და კვერცხი;
• 17,4%-ით – შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული;
• 16,0%-ით – თევზეული;
• 15,5%-ით – ხილი და ყურძენი;
• 10,7%-ით – ხორცი და ხორცის პროდუქტები.
ბოლო 9 წელიწადში, ანუ მას შემდეგ, რაც ქვეყანას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მართავს, „საქსტატის“ მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილებამ 50,05% შეადგინა. შესაბამისად, 2012 წლის ოქტომბრის 100 ლარი დღევანდელ 150,05 ლარს უდრის.
ინფლაცია და ფასები საქართველოში: ეროვნული ბანკი ახალ მიმოხილვას აქვეყნებს
თუმცა, აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ ცალკე აღებული ინფლაციის მაჩვენებელი შესაძლოა ბევრს არაფერს ნიშნავდეს, რადგან როდესაც შემოსავლის ზრდა აჭარბებს ინფლაციის დონეს, ამ შემთხვევაში შემოსავლის მიმღების მდგომარეობა მაინც უმჯობესდება. მაგრამ როდესაც შემოსავალიც მცირდება, ქვეყანაში სამუშაო ადგილებიც იკარგება და თან ინფლაციაც მაღალია, მაშინ საქმე ცუდად არის.
ასევე აღსანიშნავია, რომ უფრო მაღალი ინფლაცია იყო 10 წლის წინ – 2011 წლის მაისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 14,3% შეადგინა. მაგრამ უკვე მომდევნო თვიდან ის მკვეთრად იკლებდა და ოქტომბერში 2,3%-მდე ჩამოვიდა. 2012 წლის მაისში კი 3,3% დეფლაციაც კი დაფიქსირდა. შესაბამისად, სამომხმარებლო ფასების დონემ დაიკლო. ამჟამად კი, მეექვსე თვეა, სტაბილურად შენარჩუნებულია ორნიშნა ინფლაციის დონე და სამომხმარებლო ფასების ზრდა.
რატომ ძვირდება ცხოვრება და როდიდან დაიწევს ფასები?
ოპონენტები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თანამდებობიდან უნდა გადადგეს. მისი თქმით, სებ-ის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, სტაბილური, დაბალი ინფლაცია, დაბალი საპროცენტო განაკვეთები და მაღალი დასაქმება. ჯაფარიძის თქმით, კობა გვენეტაძე ვერცერთ ამ ამოცანას თავს ვერ ართმევს და ამიტომ თანამდებობა უნდა დატოვოს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, თავის მხრივ, გადადგომას არ აპირებს და მაღალ ინფლაციას საგარეო ფაქტორებს აბრალებს.
„გაიზარდა ისეთი ხშირად მოხმარებადი საქონლის ფასი, როგორიცაა ნავთობი, ხორბალი, შაქარი და ზეთი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ადგილობრივ ბაზარზეც აისახა და ამან გამოიწვია ფასების გაზრდა. ასეთ პირობებში შეუძლებელია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ან რომელიმე ცენტრალურმა ბანკმა საერთაშორისო ბაზარზე პანდემიით გამოწვეული დისბალანსი აღმოფხვრას და, შესაბამისად, ინფლაციური შოკი ჩააქროს“, – ამბობს კობა გვენეტაძე.
კობა გვენეტაძე ოპტიმისტურ განცხადებასაც აკეთებს, მისი თქმით, „ფასების ზრდა დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება“.
გაძვირებული ელექტროენერგია: რომელ დარგებს შეეხო სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა
რა უნდა გაკეთდეს, რომ ინფლაცია შემცირდეს – სპეციალისტის კომენტარი
საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ფინანსისტი ლევან სურგულაძე BM.GE-სთან საუბრისას ფასების ზრდის მიზეზებს ასახელებს, ქვეყანაში 12,5%-იანი ინფლაციის მოთოკვის ძირითად ინსტრუმენტებად მას დაბალანსებული მონეტარული პოლიტიკა და ხარჯვითი ნაწილის უფრო მკაცრი კონტროლი მიაჩნია.
მისი თქმით, რადგან პანდემიის დასრულების ვადები არ ჩანს, ასევე საგარეო ფაქტორების გავლენაც დიდია, პროგნოზის გაკეთება რთულია. თუმცა, ადგილობრივი მიზეზებიც საკმაოდ ბევრია.
„ინფლაციას ასევე ხელი შეუწყო ფულის მასის რამდენჯერმე ზრდამ, რამაც მიმოქცევაში გააჩინა ჭარბი ფული მაშინ, როდესაც მოწოდება შეფერხდა და, რა თქმა უნდა, ამან იქონია გავლენა და შექმნა ინფლაციური წნეხი. პანდემიის პირობებში ასევე შეიცვალა ხარჯვითი მიმართულებებიც – თუ, მაგალითად, პანდემიამდე ადამიანები მოგზაურობდნენ და დანაზოგების მნიშვნელოვანი ნაწილი იხარჯებოდა საზღვარგარეთ, პანდემიის გამო ვერ წავიდნენ უცხოეთში და, შესაბამისად, ხარჯვითი ნაკადები დარჩა ქვეყნის შიგნით. ინფლაციურ წნეხში ამ ფაქტორმაც თავისი როლი შეიტანა. მნიშვნელოვანია ასევე ქვეყანაში განხორციელებული სუბსიდირების პროგრამები, რომლებიც, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვესმის, რომ აუცილებელი იყო, მაგრამ ამანაც ხელი შეუწყო ინფლაციური გარემოს დამძიმებას. და, ბოლოს, ლარის სისუსტემ, ბუნებრივია, გამოიწვია იმპორტის მნიშვნელოვანი შემცირება და რადგან ჩვენ მეტწილად იმპორტულ საქონელზე ვართ დამოკიდებული, ამანაც ხელი შეუწყო ინფლაციურ პროცესებს“, – განაცხადა ლევან სურგულაძემ.
ფინანსისტის პროგნოზით, ქვეყანაში 2022 წლის განმავლობაშიც შედარებით მაღალი ინფლაციური გარემო შენარჩუნდება. სურგულაძის აზრით, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა: უნდა იყოს დაბალანსებული მონეტარული პოლიტიკა, რომელიც შეზღუდავს ფულის მიწოდებას ისე, რომ არ დაზიანდეს ეკონომიკური აქტივობა. ასევე მნიშვნელოვანია მთავრობის მიერ ხარჯვითი ნაწილის უფრო მკაცრ კონტროლზე აყვანა.
„ნებისმიერ შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს ეკონომიკის სტიმულირებაზე, რადგან მიმდინარე ინფლაცია არაა გამოწვეული ზომაზე მეტი ეკონომიკური აქტივობით“, – ამბობს ფინანსისტი.
ინფლაციის „მოთოკვის“ ინსტრუმენტებზე საუბრისას ანალიტიკოსმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ, მართალია, ეროვნულ ბანკს შეუძლია კიდევ უფრო გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა, მაგრამ ეს არაა საჭირო, რადგან ეკონომიკისთვის ფული ისედაც გაძვირებულია.
მოცემულ სიტუაციაში სებ-ის პრეზიდენტის ვარაუდი, რომ ინფლაცია 2022 წლის მეორე კვარტლიდან კლებას დაიწყებს, შეიძლება ზედმეტად ოპტიმისტურადაც კი ჩანდეს. თუმცა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ბევრი რამ თავად ეროვნული ბანკის და ქვეყნის მთავრობის ხელშია. მათ შორის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, სახელმწიფო ხარჯების შეკვეცა, ფულის მასის ზრდის შეჩერება – აუცილებლად შეუწყობს ხელს ინფლაციის შემცირებას.
თემურ იოსელიანი