საზღვრის უკანონო კვეთა: სააკაშვილი დღევანდელ პროცესს არ ესწრება

Sputnik
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესს არ დაესწრება, განაცხადა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან.
ამჟამად მსჯავრდებული სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში სარეაბილიტაციო კურსს გადის, სადაც გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანეს 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ.

„ჯანმრთელობის მდგომარეობამ მას (სააკაშვილს) არ მისცა შესაძლებლობა დასწრებოდა სასამართლო პროცესს და მიემართა საზოგადოებისთვის. წინა პროცესებზე ჩვენ ვიყავით მოწმე იმისა, თუ როგორი ვრცელი სიტყვით მიმართა მან საზოგადოებას. რაც შეეხება მომდევნო პროცესებს, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პრიორიტეტი უნდა იყოს. რეაბილიტაციის პროცესი შესაბამისად უნდა წარიმართოს“, – განაცხადა ბასილაიამ.

საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).
დეპუტატი: ფანატიკოსების შიმშილობის გამო სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება
პროკურატურის ვერსიით, 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი სახელწოდებით „ვილნიუსი“. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა SCANIA-ს ფირმის, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. სწორედ აღნიშნულ ტრაილერში იმყოფებოდა ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი.
სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმის გამოძიების ფარგლებში ამ დროისათვის დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია ოთხი პირი – ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნიორაძე. მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.
კიდევ ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე სააკაშვილს დაუსწრებლად ექვსწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
სასამართლო იხილავს კიდევ ორ საქმეს სააკაშვილის წინააღმდეგ. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.