თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციის დაძლევის მიზნით რამდენიმე დღეა სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს, გააკრიტიკა დაპირისპირებული პარტიების ლიდერების კატეგორიულობა.
გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობის აქცია დააანონსა. შიმშილობას, ოპოზიციონერების თქმით, უკვე 100-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა.
„ულტიმატუმის ენა თუ შიმშილობა არ ხსნის დაძაბულობას და ვერ გვთავაზობს გამოსავალს ჩიხური სიტუაციიდან და ეს ვერც ჩვენ და ვერც მსოფლიოს ამ ვითარებიდან ვერ გამოგვიყვანს“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა ელჩების კონფერენციაზე.
ცოტა ხნის წინ ულტიმატუმი წამოაყენა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„უნდა შეფასდეს ყველაფერი, მათ შორის, ის დანაშაულები რაც ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ". თუ ეს ყველაფერი შეფასდება, ამას თუ მოჰყვება აღიარება და განცხადება, რომ ასეთი დანაშაულების ჩამდენი პოლიტიკური პარტიის ადგილი არ არის დემოკრატიულ პოლიტიკურ სივრცეში, ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ შერიგებაზეც და ყველაფერზეც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საკუთარ თავზე აიღებდა საზოგადოებაში პოლარიზაციის აღმოფხვრის ინიციატივას. 15 დეკემბერს მან პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები რეზიდენციაში მიიწვია და საერთო ეროვნული შერიგების ხედვა გააცნო, მოგვიანებით კი დაიწყო ინდივიდუალური შეხვედრები პოლიტიკოსებთან.