თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს რვა კანონპროექტისგან შემდგარ პაკეტს, რომელიც აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას და სათამაშო ბიზნესისთვის გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 82 დეპუტატმა, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა.
ცვლილებების თანახმად, 2022 წლის 1 იანვრიდან სექტორის დასაბეგრი ბაზა 65–70%-ით გაიზრდება.
ახლო მომავალში ნებისმიერი თამაშების სისტემური ელექტრონული მოწყობა დაბეგვრას დაექვემდებარება – დაბეგვრას დაექვემდებარება ე.წ. GGR (მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობა) 10%-იანი მოგების გადასახადით.
გარდა ამისა, გაცემული მოგებები დაიბეგრება თანხის გატანისას 2%-იანი საშემოსავლო გადასახადით.
1 მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ 25 წლამდე პირები (ჯერჯერობით მინიმალური ასაკია 21 წელი), სახელმწიფო შემწეობის მიმღები სოციალურად დაუცველი პირები, საჯარო მოხელეები, პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე ისინი, ვინც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ოჯახის წევრების მოთხოვნით.
ჯამში აზარტულ თამაშებზე წვდომა ერთ მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება.
გარდა ამისა, 1 მარტიდან გამკაცრდება კონტროლის მექანიზმები.
აიკრძალება სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამა, ასევე რეკლამის განთავსება ქართულ ვებ-გვერდებზე. რეკლამა ნებადართული იქნება მხოლოდ აეროპორტებსა და სპორტული ღონისძიებების გამართვის ადგილზე სპონსორობის ხელშეკრულების პირობებით.
ახალი რეგულაციები, გარდა საგადასახადო ცვლილებებისა, 2022 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება, საგადასახადო ცვლილებები კი 1 იანვრიდან შევა ძალაში.