თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საფეხბურთო კლუბი „საბურთალო" (თბილისი) და ესპანური „ვალენსია" თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ დედაქალაქის კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„აკადემიის დონეზე თანამშრომლობაზე შევთანხმდით, ხოლო იანვარში მიგვიწვიეს და „ვალენსიას“ და „საბურთალოს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდება. პირველი შედეგი იქნება ის, რომ ესპანელი სპეციალისტები ჩამოვლენ, შეაფასებენ საერთო სურათს და გუნდის განვითარების გეგმის შედგენაში დაგვეხმარებიან. ამას გარდა, ისინი მონიტორინგს გაუწევენ „საბურთალოს“ მუშაობას“, – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.
მისი თქმით, თანამშრომლობის ამ ფორმატის შედეგად უეფას „კონფერენს ლიგისთვის“ „საბურთალო“ „ვალენსიის“ მოთამაშეებით გაძლიერდება.
როგორც ხეჩიკაშვილმა აღნიშნა, „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე ადგილზე შეარჩევს ფეხბურთელებს „ვალენსიის“ უახლოესი რეზერვიდან, რომლებიც „საბურთალოს“ დაეხმარებიან.
„საბურთალომ“ უეფას „კონფერენს ლიგაში“ მონაწილეობის უფლება მას შემდეგ მოიპოვა, რაც საქართველოს თასის მფლობელი გახდა. დედაქალაქელებმა ფინალში მინიმალური ანგარიშით 1:0 წყალტუბოს „სამგურალი“ დაამარცხეს.