თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. დედაენის ბაღში „საახალწლო სოფლის“ გახსნის ცერემონია 24 დეკემბერს გაიმართება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისი თქმით, 24 დეკემბრიდან 14 იანვრამდე პერიოდში ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში „საახალწლო სოფელი“ მოეწყობა, სადაც დამონტაჟდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები და, რაც მთავარია, იქნება თოვლის ბაბუა, რომელთან ფოტოს გადაღებაც იქნება შესაძლებელი. აქ ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო კონცერტები. ბავშვებს ადგილზე დახვდებათ ზღაპრების პერსონაჟები, ასევე მოეწყობა საბავშვო სახელოსნოები და მსვლელობები.
„საახალწლო სოფელში“ დღის საათებში პატარებისთვის მოეწყობა სანტა-კლაუსების მსვლელობა და საბავშვო-გასართობი შოუ-კონცერტები, საღამოს კი უფროსებისთვის ესტრადის მომღერლების კონცერტები გაიმართება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, ყოველდღიურად ორივე ლოკაციაზე გაიმართება ანსამბლების, ბენდების კონცერტები და ელექტრონული მუსიკის საღამოები.
რაც შეეხება ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ სცენაზე გაიმართება გალა-კონცერტი, რომელშიც შოუბიზნესის 300-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. დედაქალაქის მერის თქმით, ყველა ღონისძიება კოვიდ-რეგულაციების დაცვით ჩატარდება.