ყალბი ერთლარიანები: დაკავებულია ერთი პირი

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ელოდება.
Sputnik
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. ყალბი მონეტების დამზადება-გამოყენების გზით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კუსტარული წესით დაამზადა ყალბი 563 ერთლარიანი მონეტა, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გამოყენებით თავისი მეუღლის ანგარიშზე ჩარიცხა და შემდგომში მისი განაღდება მოახდინა.
ყალბი ფულის გასაღება საქართველოში: უსაფრთხოების სამსახურმა სამი პირი დააკავა
ბრალდებული უშუალოდ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად 30 ცალი კუსტარულად დამზადებული მონეტა და აღნიშნული მონეტების დასამზადებლად განკუთვნილი ხელსაწყოები ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით („თაღლითობა") მიმდინარეობს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.