„ტარიელის“ დაბრუნება: გიგანტი ჯიხვი დაღესტნიდან ლაგოდეხში დაბრუნდა

Sputnik
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. გიგანტი ჯიხვი, რომელსაც „ტარიელი“ დაარქვეს, დაღესტნიდან ლაგოდეხის ნაკრძალში დაბრუნდა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ნაკრესის“ Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ჯიხვმა, რომელიც მიმდინარე წლის მარტში ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე დაიჭირეს და რომელსაც რადიოგადამცემით აღჭურვილი საყელო დაუმაგრეს, ზაფხულის დადგომისთანავე ლაგოდეხის მთები დატოვა და დაღესტანში გადავიდა, შემოდგომაზე კი „მშობლიურ სანახებს“ დაუბრუნდა. „ტარიელი“ ფოტოგრაფმა ნიკა ქერდიყოშვილმა გადაიღო.
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯიხვის პოპულაცია თითქმის გაორმაგდა
„ჩვენი გვერდის გამომწერებს გემახსოვრებათ ტარიელი. აი, ის გიგანტი ჯიხვი, 2021 წლის მარტში რომ დავიჭირეთ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე და რადიოგადამცემით აღჭურვილი საყელო დავუმაგრეთ“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტარიელი ერთ-ერთია იმ ექვსი ჯიხვიდან, რომლებიც „ნაკრესმა“ 2020-2021 წლებში დაიჭირა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სამეცნიერო კვლევის მიზნით ჯიხვების უვნებლად დაჭერა და გაშვება მოხდა.