თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. ზვავსაშიშროების საფრთხის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 23 დეკემბრამდე აკრძალული იქნება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველო–რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა დღეს, დღის პირველ ნახევარში აიკრძალა.
უწყების ცნობით, ზვავსაშიშროების საფრთხის მოხსნისთანავე გუდაური–კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში განახლდება.
აღნიშნული საავტომობილო გზის მლეთა–გუდაურის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა–გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
ტრანსპორტის აღნიშნული რეჟიმით მოძრაობას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ ერთადერთი გამშვები პუნქტია, რომელიც დღეს ფუნქციონირებს საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.