თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. ასკილი შესანიშნავი საშუალებაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად და გაციებებთან თუ გრიპთან ბრძოლისთვის, თუმცა, მიუხედავად სასარგებლო თვისებებისა, ის მავნებელიც შეიძლება იყოს, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, ასკილის ნაყენი ან მის საფუძველზე მომზადებული არატკბილი სასმელები მართლაც ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით, ცივ სეზონებზე. ექიმების განმარტებით, თუ ასკილის სასმელებს ერთი თვის განმავლობაში მიიღებთ, იმუნიტეტს შესამჩნევად გაიუმჯობესებთ.
მთელი საქმე ასკილის შემადგენლობაშია. მისი მწიფე ნაყოფი შეიცავს წყალს, ცილებს, ნახშირწყლებს, საკვებ ბოჭკოებს, თავისუფალ ორგანულ მჟავებს, დიდი რაოდენობით ელემენტებს (კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, სპილენძი, მანგანუმი, ქრომი, კობალტი, მოლიბდენი), ვიტამინებს (B1, В2, B6, K, E, РР, С), მთრიმლავ, საღებავ ნივთიერებებს, კაროტინს, რიბოფლავინს, ლიმონისა და ვაშლის მჟავას, შაქრებს, ფიტონციდებს, ეთერზეთებს.
ასკილი ყველასთვის ცნობილია, როგორც С ვიტამინის ერთგვარი „საბადო“ – მასში ეს ვიტამინი 5–10-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე შავ მოცხარში, და 40–50-ჯერ მეტი, ვიდრე ლიმონში.
სწორედ ასეთი მდიდარი შემადგენლობის წყალობით ასკილი წმენდს სისხლძარღვოვან სისტემას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. გარდა ამისა, გამოიყენება სისხლნაკლებობის, სურავანდის (С ვიტამინის ნაკლებობა), თირკმლებისა და შარდის ბუშტის, ღვიძლის სამკურნალოდ.
და, მაინც, მიუხედავად ყველა ამ სარგებლისა, ასკილი თურმე შეიძლება მავნებელიც იყოს გარკვეულ შემთხვევებში. მაგალითად, ექიმების თქმით, ჰიპერტონიით დაავადებულებმა ასკილის ჩაი მხოლოდ მინიმალური რაოდენობით შეიძლება მიიღონ. საქმე ისაა, რომ ასკილს ორგანიზმის მატონიზებელი თვისება აქვს და ზრდის არტერიულ წნევას.
გარდა ამისა, ასკილი რეკომენდებული არ არის არც მათთვის, ვისაც საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები აქვს − იქნება ეს მწვავე გასტრიტი, წყლული თუ კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობა.