ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

Sputnik
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ვაზისუბანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.
ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება გუშინ, გვიან ღამით მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ხანძარი, რომლის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა, კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა.
ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ექიმის თეა უროტაძის თქმით, მამაკაცს სხეულის 60%-ის დამწვრობა აქვს მიღებული და ამ დროისათვის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„კლინიკაში შემოყვანილი 43 წლის მამაკაცის მდგომარეობა არის მძიმე. მისი დიაგნოზია სხეულის 60%-ის თერმული დამწვრობა, დამწვრობითი შოკი, სასუნთქი გზების დამწვრობა. დაწყებული აქვს ანტიშოკური მკურნალობა. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა“, – განაცხადა უროტაძემ ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება კიდევ ოთხ დაშავებულს, ისინი სხვადასხვა კლინიკაში ინტოქსიკაციის სიმპტომებით არიან გადაყვანილი. ამჟამად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
აფეთქება ვაზისუბანში: რა ვითარებაა შემთხვევის ადგილზე
მომხდარი აფეთქების გამო კორპუსის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა, მათი ნაწილი სასტუმროებში განათავსეს.
ისნის რაიონის გამგებლის ნიკა ელისაშვილის განცხადებით, მოსახლეობა საცხოვრებელ ბინებში დაბრუნებას კორპუსის მდგრადობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეძლებს.