თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. თბილისში ნუცუბიძის პლატოზე 15 წლის მოზარდის დაჭრის ფაქტზე ძებნილი ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციას ჩაბარდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ის 20 წლის ნიკა თოიძეა, რომელიც ცნობილი ქართველი მომღერლის გია თოიძის შვილია.
შსს-ს ინფორმაციით, 18 დეკემბერს ნიკა თოიძეს შელაპარაკება მოუვიდა 2006 წელს დაბადებულ ლ.ს.-სთან, რა დროსაც მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
თოიძე პოლიციას კვირას, საღამოს ჩაბარდა.
„არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ ჩაბარდა და ახლა მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები. ვერანაირ კომენტარს ვერ გაგიკეთებთ. არ ვიცი სად იყო“, – განუცხადა გია თოიძემ ჟურნალისტებს.
მამის თქმით, შვილი სახლში ორი დღე არ მისულა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.