თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია. ამის შესახებ ისნის რაიონის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა განაცხადა.
ვაზისუბნის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება გუშინ, გვიან ღამით მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქებას კორპუსის პირველ სართულზე მოჰყვა ხანძარი, რომლის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა.
ნიკა ელისაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული კორპუსის ბინებში მოსახლეობის დაბრუნება უკვე დაიწყო.
„დასკვნით დადასტურდა, რომ კორპუსი მდგრადია, რამე სერიოზული პრობლემა არ აღენიშნება. არის პირველი კატეგორიის დაზიანება, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ საცხოვრებლად კორპუსი ვარგისია. ელექტროენერგია ეტაპობრივად მიეწოდება და ხვალ, დილის 09:00 საათიდან მოსახლეობას ბუნებრივი აირით უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა გამგებელმა.
ელისაშვილის ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა და უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება, რა სახის ზარალი მიადგა თითოეულ ოჯახს.
აფეთქების შედეგები ვაზისუბანში 19.12.2021
© photo: Sputnik / Stringer
მომხდარი აფეთქების გამო კვირას კორპუსის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა, მათი ნაწილი სასტუმროებში განათავსეს.