თბილისში საცხოვრებელი ფართი კიდევ 21 ოჯახს დაუკანონდა

თბილისის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გლდანის რაიონში მცხოვრებ 21 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფართები, რომლებშიც ადამიანები წლების განმავლობაში ყოველგვარი საკუთრების დამადასტურებელი საბუთების გარეშე ცხოვრობდნენ, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ.
„ეს ქონება, რასაც ამ ადამიანებს გადავცემთ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართებია და თანხობრივად რომ გადავიყვანოთ, 2.000-ზე მეტი ოჯახისთვის 300 მილიონზე მეტი ქონებაა გადაცემული“, – განაცხადა კალაძემ.
ამ დროისთვის თბილისის მერიაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების მსურველთა კიდევ ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
„ეს არის პროგრამა, რომლის განხორციელებასაც მოსახლეობას 2017 წელს დავპირდით და დღემდე წარმატებით მიმდინარეობს. ჯერ კიდევ რჩებიან ადამიანები, რომელთაც ანალოგიური პრობლემები აწუხებთ. მათ თავიანთი რაიონის გამგეობას უნდა მიმართონ და დაეხმარებიან საჭირო დოკუმენტების შეგროვებაში“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
თბილისში 2022 წელს დაგეგმილ პროექტებზე 1,5 მლრდ ლარი დაიხარჯება
გლდანში მცხოვრებ ოჯახებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დედაქალაქის მერთან ერთად, ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა, ირაკლი თავართქილაძემ და გლდანის რაიონის გამგებელმა, ლევან ნაროუშვილმა გადასცეს.
საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა. გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა. ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.