თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. პენსიების ზრდა, ეკონომიკური განვითარება, სოციალური და სხვა პროექტები გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის მთავარი თემა, რომლის დროსაც მან პრემიერობის პირველი წლის შედეგები შეაჯამა.
პრემიერ-მინისტრი თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ სიტყვით წარდგა - გაციების მიუხედავად.
„ბოდიში, გაციებული ვარ“, - თქვა ღარიბაშვილი, რომელსაც თითქმის ერთსაათიანი გამოსვლის შეწყვეტა ხველების გამო რამდენჯერმე მოუწია.
პრემიერის მოსასმენად მინისტრები, საზოგადოებისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
ღარიბაშვილმა გამოსვლისას მთავარი აქცენტი გააკეთა ქვეყნის ორი უმნიშვნელოვანესი პრობლემის - სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევაზე.
„ვერ მოგვარდა ჩვენი მოსახლეობის მთავარი პრობლემა - უმუშევრობა და სიღარიბე“, - აღნიშნა მან.
პრემიერმა საკმაოდ ცოტა დრო დაუთმო კორონავირუსს, აღნიშნა მთავრობისა და ექიმების ძალისხმევა და უკმაყოფილება გამოთქვა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის გამო.
„დღეისთვის 2 მილიონზე მეტი აცრა გაკეთდა და მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, თუმცა ეს არ არის საკმარისი, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, ვისაც ჯერ კიდევ არ ჩაუტარებია ვაქცინაცია, ავიცრათ, რადგან ეს არის ერთადერთი უსაფრთხო და ეფექტიანი გზა დავიცვათ საკუთარი თავი და ჩვენი ახლობლები და ერთად დავამარცხოთ პანდემია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
უმუშევრობისა და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში პრემიერ-მინისტრმა მთავარი აქცენტი გააკეთა მთავრობის ახალ ინიციატივაზე, რომელიც სოციალურად დაუცველთა დასაქმებას გულისხმობს.
„ერთ-ერთი ასეთი პრობლემა სოციალური პოლიტიკაა, რომელიც დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქიდან თითქმის 300 000-მდე შრომისუნარიან მოქალაქეს უმუშევრობისა და უმოქმედობისკენ უბიძგებს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ამ მოქალაქეების დასაქმების შედეგად შემცირდება დახმარების იმედად მცხოვრებთა რაოდენობა და უმუშევრობის დონეც შემცირდება.
სოციალური პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის მთავრობის მეთაურმა პენსიონერების მხარდაჭერაც დაასახელა და აღნიშნა, რომ მათი პენსიები ყოველწლიური საპენსიო ინდექსაციის პროგრამის ფარგლებში გაიზრდება.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ბევრი ისაუბრა სახელმწიფოს როლზე ბიზნესის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მთავრობის პროგრამებზე სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ახალი საწარმოების შესაქმნელად.
მისი თქმით, ამ სფეროების მხარდაჭერის ორივე პროგრამამ კარგი შედეგი აჩვენა.
„აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, საწარმოებისა და სასტუმროების სესხის თანადაფინანსების პროგრამით ჯამურად, უკვე ისარგებლა 735-მა საწარმომ, 1000-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა ამ წლების განმავლობაში. 2 მილიარდ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა და 26 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამის ფარგლებში დაქირავებული დასაქმებულების რაოდენობა 20 ათასით გაიზარდა და 40 ათასს გადააჭარბა.
შესრულებული პროექტების გარდა, პრემიერმა იმ სიახლეების შესახებაც ისაუბრა, რომლებიც მომავალ წელს განხორციელდება. ესაა გზების მშენებლობის არეალის გაფართოება, ახალი პროგრამები სოფლებისა და მეწარმეებისთვის, ასევე სამეცნიერო მიმართულებების განვითარება.