საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით თბილისის ცენტრი თითქმის ერთი თვით გადაიკეტება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს ორი ავტობუსი და ხუთი სამარშრუტო მიკროავტობუსი
Sputnik
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. „დედაენის“ პარკის მიმდებარე ტერიტორია საახალწლო ღონისძიებების გამო 19 დეკემბრიდან 14 იანვრამდე გადაიკეტება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
მერიის მონაცემებით, 14 იანვრამდე გადაიკეტება მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, ასევე გზა ზაარბრიუკენის მოედნიდან ათონელი ქუჩამდე.
საგზაო მოძრაობა 19 დეკემბერს 10:00 საათიდან შეიზღუდება.
ყველა სახის ტრანსპორტი, მათ შორის საზოგადოებრივი, იმოძრავებს სანაპიროს ან ახლომდებარე ქუჩების გავლით.
ორბელიანების სასახლის წინ წინასაახალწლო საქველმოქმედო აქცია გაიმართება
შეიცვლება N20 და N23 ავტობუსების და N50, N6, N49, N140 და N150 მიკროავტობუსების მარშრუტები.
გასულ წელს კოვიდ-პანდემიის გამო საახალწლო ღონისძიებები მაქსიმალურად მოკრძალებულად გაიმართა, წელს კი მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები იგეგმება. 24 დეკემბრიდან 14 იანვრამდე პერიოდში ორბელიანის მოედანზე და დედაენის ბაღში „საახალწლო სოფელი“ მოეწყობა.
ყოველდღიურად ორივე ლოკაციაზე გაიმართება ანსამბლების, ბენდების და ესტრადის მომღერლების კონცერტები და ელექტრონული მუსიკის საღამოები.
რაც შეეხება ახალი წლის ღამეს, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, 31 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ სცენაზე გაიმართება გალა-კონცერტი, რომელშიც შოუბიზნესის 300-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. დედაქალაქის მერის თქმით, ყველა ღონისძიება კოვიდ-რეგულაციების დაცვით ჩატარდება.