თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში შესთავაზებს საზოგადოებას ბევრ სიახლეს, მათ შორისაა ეკონომიკის სექტორების განვითარება, სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლა, მედიკამენტებზე ფასების დარეგულირება და სხვა პროექტები, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური მუშაობის შედეგების შეჯამებისას.
გამოსვლა სასტუმრო „ბილტმორში“ შედგა, სადაც დიპლომატიური კორპუსის, საზოგადოების და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
სოციალური სიახლეები
საზოგადოებისთვის ერთ-ერთი სიახლე მედიკამენტებზე მაღალი ფასების პრობლემის გადაჭრა იქნება.
„ვგეგმავთ ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირებას, რათა მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე არსებული მიდგომა შეიცვალოს და მოქალაქეების მიერ წამლებზე ჯიბიდან გაღებული დანახარჯები შემცირდეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, სოციალური კუთხით კიდევ ერთი ნაბიჯი სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლის გამკაცრება იქნება. ამ მიმართულებით მთავრობა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაციაზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს.
საზოგადოებისთვის კიდევ ერთი სიახლე იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების გადამზადება.
„ჩვენ გადავამზადებთ 5 ათასამდე ადამიანს, დავეხმარებით მათ კვალიფიკაციის ამაღლებაში, რათა ისინი გახდნენ კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალა საერთაშორისო ბაზარზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ასევე, ხელისუფლება გააგრძელებს განათლების განვითარების ხელშეწყობას, ახალი სკოლების აშენებას და ძველების შეკეთებას.
ამასთან, მან დააანონსა უმაღლესი განათლების ახალი რეფორმა.
„იგეგმება, რომ დაინერგოს სამინისტროს ინიციატივით შემუშავებული კლასტერული აკრედიტაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების ხარისხის განვითარებასა და საერთაშორისო დონეზე საქართველოში გაცემული კვალიფიკაციების აღიარებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა საყოველთაო დაზღვევის პროგრამის გაფართოება და ჯანდაცვის რეფორმის გაგრძელებაც დააანონსა. ამ მხრივ სიახლე იქნება ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
„მომდევნო წლიდან სკოლებში სკოლის ექიმის მომსახურების მიწოდება და სამედიცინო კაბინეტების ფუნქციონირება სამინისტროს მიერ შემუშავებული სტანდარტის შესაბამისად განხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიახლე ელოდება ასევე სამხედოებსა და მათ ოჯახებს. ხელისუფლება გააგრძელებს ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ფართების პროგრამას და ასევე გაუზრდის ხელფასს თავად სამხედროებს.
ღარიბაშვილის თქმით, სამხედროებისათვის პირობების გაუმჯობესების მიზნით უკვე იანვრიდან დამატებით იგეგმება ხელფასების დამატებით ზრდა - დაბალი რგოლის სამხედრო მოსამსახურეებისათვის 20%-ის, ხოლო მაღალი რგოლისათვის 10%-ის ოდენობით.
სიახლეები ბიზნესისთვის
პრემიერის თქმით, 2022 წელს მთავრობა გააგრძელებს ქვეყანაში ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას. მან აღნიშნა, რომ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება იმპორტის ჩანაცვლებასა და აგრო- და ეკოტურიზმის განვითარებაზე.
„ჩემი დავალებით, მიმდინარეობს მუშაობა ახალ ტურისტულ პროექტებზე. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება ახალი ტურისტული ლოკაციები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, კონკრეტული პროექტების განხორციელება უკვე ახალი წლიდან დაიწყება.
რეგიონების განვითარების კუთხით პრემიერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო გააგრძელებს გაზიფიცირების და კურორტების განვითარების პროგრამას.
სიახლეები ქვეყნისთვის
პრემიერმა ქვეყნისთვის გლობალური მნიშვნელობის მქონე პროექტებზეც ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყანაში 153 მეგავატი საერთო სიმძლავრით 27 ახალი ჰიდროელექტროსადგური აშენდება.
ხელისუფლება ასევე მუშაობს მზის და ქარის ელექტროსადგურების განვითარებაზე, რომელთა ჯამურმა სიმძლავრემ 206 მეგავატი უნდა შეადგინოს, განაცხადა ღარიბაშვილმა.
გლობალურ სიახლეებს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაასახელა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების კომპლექსური რეფორმა მათი ეკონომიკურად მომგებიან საწარმოებად გარდაქმნის მიზნით.
გლობალური მნიშვნელობის კიდევ ერთი სიახლე იქნება „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ ავტომაგისტრალის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის დასრულება, რაც აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში გადაადგილებისთვის საჭირო დროს 20 წუთით შეამცირებს.