თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ზუგდიდსა და წალენჯიხაში დღეს გამართულ ახლადარჩეული საკრებულოების სხდომებზე თავმჯდომარეები კვლავ ვერ აირჩიეს, იუწყება „პირველი არხი“.
ზუგდიდში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პროცედურული საკითხების განხილვის შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვეს.
მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში 23 დეპუტატი იმყოფებოდა და მათი ხმები კვორუმისთვის საკმარისი იყო, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" არც კანდიდატი დაასახელა და არც კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა. შედეგად, სხდომა ერთი კვირით გადაიდო.
ზუგდიდის საკრებულოში სულ 45 დეპუტატია. თავმჯდომარის არჩევისთვის კი საჭიროა არანაკლებ 23 დეპუტატის თანხმობა.
თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, ზუგდიდის სათათბირო ორგანოში 22 მანდატი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, 20 კი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. კიდევ სამი ადგილი ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ მოიპოვა.
ასევე მესამედ ჩაიშალა წალენჯიხის საკრებულოს სხდომა – დეპუტატებმა სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ვერც ამჯერად აირჩიეს.
სხდომის დაწყებამდე პარტიის „საქართველოსთვის“ წევრებმა განაცხადეს, რომ თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის დასახელებას გეგმავდნენ. თუმცა, მათ საკუთარი გადაწყვეტილება მოულოდნელად შეცვალეს. შედეგად, სხდომა აქაც ერთი კვირით გადაიდო.
ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში ახლადარჩეული საკრებულოების მეორე სხდომა 10 დეკემბერს გაიმართა. მანამდე ამ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, სადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უმრავლესობით არ არის წარმოდგენილი, 3 დეკემბერს გამართულ პირველ სხდომაზე საკრებულოს წევრების უფლებამოსილებები ცნეს, თუმცა თავმჯდომარეები ვერ აირჩიეს.
„ქართული ოცნება“ უმრავლესობით არ არის წარმოდგენილი რუსთავის, ბათუმის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და სენაკის საკრებულოებში. ამასთან, ყველა ამ ქალაქსა და რაიონში, წალენჯიხის გარდა, მერის თანამდებობა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს უკავიათ.