თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. უახლოესი ათწლეულების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების გეგმები ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განწირულია კრახისთვის, აღნიშნა პოლიტოლოგმა არჩილ სიხარულიძემ საქართველოს პრემიერ–მინისტრის მიერ ბრიუსელში გამართული შეხვედრების შეჯამებისას.
ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა ბრიუსელში დასავლეთსა და რუსეთს შორის უკიდურესად გართულებული ურთიერთობების ფონზე გაიმართა. გასულ პარასკევს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების „ოფიციალურად დეზავუირებისა“ და საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების გეგმებზე უარის თქმის მოწოდებით გამოვიდა.
„ვფიქრობ, რომ ეს იყო მორიგი შეხვედრა, რომელზეც გამოითქვა სურვილები, თუმცა პრაქტიკული არაფერი მომხდარა. ერთია ირაკლი ღარიბაშვილის სურვილები, რეალობა კი სულ სხვაა. ვიდრე რუსეთის ფაქტორი იარსებებს, ნატოზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყვება“, - განაცხადა სიხარულიძემ „Sputnik-საქართველოსთან“.
პრემიერი ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში იმყოფებოდა. მისი თქმით, ვიზიტი ემსახურებოდა საბოლოო მიზნის მიღწევას - ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს სრულუფლებიან წევრობას. ამასთან, ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს განუცხადა, რომ „საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე რეფორმების დღის წესრიგის ერთგულია“.
პროგრამა „აღმოსავლეთის პარტნიორობა" ევროკავშირისა და ექვსი ქვეყნის – აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ არის მიმართული.
მოსკოვში არაერთხელ განაცხადეს ევროკავშირის აშკარა მცდელობებზე, აითვისოს „ერთიანი ევროპის“ აღმოსავლეთი გეოპოლიტიკური სივრცე, პოლიტიკურად და ეკონომიკურად მიიჯაჭვოს პოსტსაბჭოთა ქვეყნები და გაწყვიტოს რუსეთთან მათი ისტორიული კავშირები.
„ევროკავშირის წევრობის საკითხში უფრო მეტ როლს ევროკავშირში კრიზისის ფაქტორი ასრულებს, ვიდრე რუსეთის ფაქტორი. ეს კრიზისი უკავშირდება არალიბერალურ რეჟიმებს და იმას, რომ ჯერ რთულია გაცნობიერება, საით და განვითარების რომელი გზით უნდა იმოძრაოს ევროკავშირმა. ამ ფონზე საქართველოს მიღება, რომელიც ჯერ თავადაა გაურკვევლობაში და არასტაბილურ რეგიონში მდებარეობს - პრობლემაა. ამიტომ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს წევრობის თემა ათწლეულების საკითხია“, - აღნიშნა სიხარულიძემ.
პოლიტოლოგი ცვლილებებს არც საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ელოდება. ქვეყანა მორიგ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის, რომელიც ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციამ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა.
„არა მგონია, რომ პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში რაიმე გავლენას იქონიებს იმაზე, რაც ქვეყნის შიგნით ხდება. ერთია პრემიერის გზავნილი საერთაშორისო დონეზე და სულ სხვაა - რა გზავნილები აქვს მას საშინაო არენაზე. მან შესანიშნავად იცის, რომ საშინაო არენაზე შერიგების საკითხი არაპოპულარულია. „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები რადიკალურად განწყობილი ადამიანები არიან და მათ არ სურთ არავითარი შერიგება, განსაკუთრებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“, - განაცხადა სიხარულიძემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ყოფილი მმართველი პარტი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დიდად არ არიან განწყობილი შერიგებისთვის.
ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკავშირის კომისართან სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეისთან და ასევე „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების ლიდერებთან (ევროკავშირთან საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის გაძლიერებული თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატი).