თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. კორონავირუსის პანდემია კი არ სუსტდება, პირიქით, ყოველდღიურად ძლიერდება და აშკარა ხდება, რომ მისი დამარცხება მხოლოდ ვაქცინაციით ვერ ხერხდება, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერიშმა პრესკონფერენციაზე.
„COVID-19 არ ქრება და არსად მიდის. ახლა უკვე ნათელია, რომ მხოლოდ ვაქცინაციით პანდემიის აღმოფხვრა შეუძლებელია. დიახ, [ვაქცინები] აღკვეთს აცრილების უმეტესობის ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობას, ანელებს ვირუსის გავრცელებას, მაგრამ დაავადების შემთხვევების რაოდენობა რატომღაც არ იკლებს“, — განაცხადა გუტერიშმა.
გაეროს გენმდივნის თქმით, ინფექციის უწყვეტ გავრცელებას მსოფლიოში ხელს უწყობს ვაქცინების უთანასწორო განაწილება, აცრაზე უარის თქმა და ადამიანების „თვითდამშვიდება“.
მანამდე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) წარმომადგენელმა დევიდ ნაბარომ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა საშუალოდ ორ-სამ დღეში ორმაგდება და დაახლოებით ორ კვირაში შესაძლოა 40-ჯერ უარესი ვითარება მივიღოთ. მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ომიკრონი“ ნაკლებად ლეტალური გამოდგება, ის მაინც შეარყევს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას.