თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში ექსპლუატაციაში შევა სულ მცირე 10 ახალი ჰიდროელექტროსადგური 30 მეგავატი საერთო დადგმული სიმძლავრით, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის თქმით, საუბარია მცირე და მიკრო ჰესებზე, რომლებშიც 120 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.
„ასევე იგეგმება ახალი კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის დაწყება. დასრულდება კვლევა და გადავალთ პილოტირებაზე უახლესი ტექნოლოგიის „მწვანე“ წყალბადის გამოყენების მიმართულებით. მისასალმებელია, რომ ჩვენ ვართ ამ კუთხით წინა ხაზზე და საქართველო არის ის ადგილი, სადაც ამ ტექნოლოგიების პილოტირება პირველად ხდება ჩვენს რეგიონში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მისი თქმით, ენერგეტიკა არის ყველაზე სწრაფად მზარდი დარგი, რომელშიც ყოველდღიურად ჩნდება ახალი ტექნოლოგიები, ახალი პრაქტიკა და საქართველოს ამ კუთხით მოწინავე ადგილი უკავია.
მინისტრმა შეახსენა დეპუტატებს, რომ ენერგეტიკა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ქვაკუთხედია და დაასახელა ორი სტრატეგიული ამოცანა: ენერგოუსაფრთხოების მდგრადობა საკუთარი „მწვანე“ რესურსის მაქსიმალური გამოყენების ხარჯზე და ქვეყნის მოსახლეობის უწყვეტი უზრუნველყოფა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით.
თურნავას თქმით, 90-იანი წლებიდან საქართველოში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ პროპაგანდა გაძლიერდა, რასაც მან ჰიბრიდული ომის ნაწილი უწოდა.
„შესაბამისად, აუცილებელია ამ თემაზე საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევა და ისეთი მოდელის შემუშავება, რომელიც ჰესების მშენებლობას ქვეყნის სტრატეგიულ მიმართულებად აქცევს. ამისათვის პირველ რიგში საჭიროა შეთანხმება საერთო მიდგომებზე და საზოგადოებრივი, მათ შორის პოლიტიკური ჯგუფების ერთიან სტრატეგიაზე“, - განაცხადა მინისტრმა.
თურნავამ ასევე ისაუბრა ელექტროენერგიის მზარდ მოხმარებაზე და მთავრობის მიერ მიღებულ ზომებზე, რაც მიზნად ისახავს არ დაუშვას მზარდი იმპორტდამოკიდებულება ამ სტრატეგიულ დარგში.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება. ექსპერტები თვლიან, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მილიარდ კილოვატ საათს მიაღწევს.
მინისტრის თქმით, წელს მცირე და საშუალო ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობაზე 37 ახალი ხელშეკრულება გაფორმდა - ეს არის მცირე ჰესები, ქარისა და მზის სადგურები. საუბარია 524 მეგავატ დადგმულ სიმძლავრეზე.
მინისტრის თქმით, მუშავდება კიდევ 23 პროექტი, რომელთა დადგმული სიმძლავრე 356 მეგავატია.
„წარმატებასთან ერთად, მიმდინარე წელს ჩავარდნებიც გვქონდა. ასეთი იყო მაგალითად, „ნამახვანჰესის" პროექტის ჯერ შეჩერება, ხოლო შემდეგ ინვესტორის მიერ გაკეთებული განცხადება პროექტიდან გასვლის შესახებ. მართალია, მთელ მსოფლიოში მსგავს მსხვილ და სტრატეგიულ პროექტებს თან ახლავს ანალოგიური სირთულეები, საქართველო ამ კუთხით გამონაკლისი არ არის. ამ ფაქტმა დაგვანახა მთელი რიგი სიღრმისეული პრობლემა - დაწყებული უფრო დროული კომუნიკაციის დაწყების აუცილებლობით, დასრულებული ზოგადად ენერგოუსაფრთხოებაზე მოსახლეობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების საჭიროებით“, - განაცხადა თურნავამ.
გაზიფიცირება
გამოსვლისას თურნავა შეეხო მოსახლეობის გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის გაგრძელების აუცილებლობას. პროგრამის მიხედვით, 107 დასახლებულ პუნქტში 17.406 ოჯახის გაზიფიცირება მოხდება.
2019-2021 წელს გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 88.363 აბონენტისთვის 384 დასახლებულ პუნქტში. ხოლო 2022-2024 წლებში განხორციელდება 39.698 ოჯახის გაზიფიცირება 244 დასახლებულ პუნქტში.
„ასეთი მასშტაბური გაზიფიკაციის მაგალითი იშვიათად მოიპოვება ევროპულ სახელმწიფოებში. ჩვენ დღეს ახლოს ვართ 93 პროცენტიან გაზიფიკაციის ნიშნულთან და ჩვენი რელიეფის ქვეყნისთვის ეს მართლაც არის დიდი სახელმწიფო ინვესტიცია", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.