თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ უკიდურესად სწრაფად ვრცელდება, რამაც მალე შესაძლოა ჯანდაცვის სისტემები შეარყიოს, განუცხადა ტელეარხ Sky News-ს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) სპეციალურმა წარმომადგენელმა COVID-19-თან ბრძოლის საკითხებში დევიდ ნაბარომ.
„ჯანმოს აქვს საკმარისი ინფორმაცია, რომელიც ნათლად წარმოაჩენს, რომ [„ომიკრონი“] უკიდურესად სწრაფად ვრცელდება, ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველ ორ-სამ დღეში ორმაგდება. <...> ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი კვირის შემდეგ ვითარება რვაჯერ უარესი იქნება, ორი კვირის შემდეგ კი — 40-ჯერ უარესი“, — აღნიშნა ნაბარომ.
მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კორონავირუსის ახალი ვარიანტის ნაკლები ლეტალობა დადასტურდება, ინფიცირებულთა რაოდენობა, მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემას „შეარყევს“.
„სიტუაცია ექსტრემალურად სერიოზული ორ კვირაში, ან უფრო ნაკლებშიც შეიძლება გახდეს“, — განაცხადა ნაბარომ და იქვე დაამატა, რომ „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება არა მარტო ბრიტანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში.
ვირუს SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი, რომელიც პირველად მიმდინარე წლის ნოემბერში აღმოაჩინეს ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკაში, და რომელსაც ჯანმომ მოგვიანებით „ომიკრონი“ უწოდა, ამ დროისათვის უკვე მსოფლიოს 70 ქვეყანაშია გავრცელებული.
ჯერჯერობით ახალი შტამით გარდაცვალების მხოლოდ ერთი შემთხვევაა ცნობილი, თუმცა ჯანმოში არ გამორიცხავენ, რომ „ომიკრონის“ გამო ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები გაიზარდოს.
როგორც ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა ამ დღეებში განაცხადა, კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ ისეთი ფენომენალური სისწრაფით ვრცელდება, როგორსაც სპეციალისტები მანამდე არ შეჯახებიან.